"თავს დამნაშავედ არ ვცნობ" - სასამართლოში ბადრი ჯაფარიძის პროცესი მიმდინარეობს

05.04.25 12:55
"თავს დამნაშავედ არ ვცნობ" - სასამართლოში ბადრი ჯაფარიძის პროცესი მიმდინარეობს

თბილისის საქალაქო სასამართლოში "ლელო- ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთ ლიდერის, ბადრი ჯაფარიძის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. საქმეს მოსამართლე ეკა ბარბაქაძე განიხილავს.

დღევანდელ სხდომაზე ჯაფარიძის მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე მსჯელობენ.

სახელმწიფო ბრალდება ჯაფარიძის მიმართ 50 000-ლარიანი გირაოს გამოყენებას მოითხოვს, დაცვის მხარე კი მისი აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვებას.

ჯაფარიძემ ცოტა ხნის წინ სასამართლო პროცესზე განაცხადა, რომ წაყენებულ ბრალში "თავს დამნაშავედ არ ცნობს" .

  • ოპოზიციონერი ლიდერის წინააღმდეგ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 349-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც წულუკიანის კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობას გულისხმობს, აღნიშნული ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე.

ეს არის ახალი ტალღა რეპრესიების "ქართული ოცნების" მხრიდან, რა თქმა უნდა, არანაირ კანონდარღვევას ადგილი არ ჰქონია. ეს არის კონსტიტუციის დარღვევით შექმნილი ე.წ. საგამოძიებო კომისია, რომლის ერთ-ერთი ამოცანაა ოპონენტების დევნა, შევიწროება, გაშავება, ამიტომ ეს სასამართლო პროცესიც ელვისებურად ჩაინიშნა. ჩვენ მზად ვართ ნებისმიერი გამოწვევისთვის, მაგრამ მე მინდა ხაზი გავუსვა, რომ ეს არის რეპრესიების ახალი ტალღა, რომელმაც არ უნდა შეგვაშინოს", - განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ პროცესის დაწყებამდე. 

აღნიშნული საქმის ფარგლებში ბრალდება უკვე წარდგენილი აქვს „ლელო - ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთ ლიდერს, მამუკა ხაზარაძეს. მის მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე თბილისის საქალაქო სასამართლომ უკვე იმსჯელა და 50 000-ლარიანი გირაო შეუფარდა.