გრიგოლ ლილუაშვილის ადგილმონაცვლეს სუს-ი ოფიციალურად გადააბარეს
გრიგოლ ლილუაშვილის ადგილმონაცვლეს სუს-ი ოფიციალურად გადააბარეს. ირაკლი კობახიძემ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში, დღეს სამსახურის ახალი ხელმძღვანელი, ანრი ოხანაშვილი წარადგინა.
„მე მინდა, თქვენს წინაშე ოფიციალურად წარვადგინო სახელმწიფო უსაფრთხოების ახალი ხელმძღვანელი, ბატონი ანრი ოხანაშვილი. ის მთელი ამ წლების განმავლობაში ერთგულად ემსახურებოდა სახელმწიფოს, ჩვენი ქვეყნის ინტერესებს. განსაკუთრებით, როდესაც ის მოღვაწეობდა საქართველოს პარლამენტში, იყო იურიდიული კომიტეტის ხელმძღვანელი, მოგვიანებით ის დაინიშნა საქართველოს იუსტიციის მინისტრად, სადაც, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან მცირე ხნის განმავლობაში მოღვაწეობდა, ძალიან მნიშვნელოვანი ცვლილებები განახორციელა. მე ვარ აბსოლუტურად დარწმუნებული იმაში, რომ ბატონი ანრი ოხანაშვილი იქნება ძალიან ღირსეული ხელმძღვანელი ამ უმნიშვნელოვანესი სამსახურის. მას აქვს ყველა თვისება იმისათვის, რომ ღირსეულად უხელმძღვანელოს სახელმწიფო სამსახურს. ის არის ნამდვილი პროფესიონალი, ღირსეული ადამიანი, კეთილსინდისიერი და ეს არის სწორედ ის თვისებები, რაც აუცილებელია იმ პოზიციის დასაკავებლად, რასაც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელობა ჰქვია“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
რუსული კანონის მიმღებ ყოფილ დეპუტატს სუს-ში დახვედრის ღონისძიება დღეს დილით მოუწყეს. საკუთარ გუნდს ექსშეფმა ლილუაშვილმა ოხანაშვილი პირადად წარუდგინა.
ანრი ოხანაშვილმა მუხლჩაუხრელი შრომა დააანონსა.
„ჩემთვის განსაკუთრებული პატივია ის დიდი და გამორჩეული ნდობა, რომელიც გამომიცხადა პრემიერ-მინისტრმა, სამთავრობო გუნდმა და შემდგომ უკვე საქართველოს პარლამენტმა. მსურს, გამოვხატო მადლიერება გრიგოლ ლილუაშვილის მიმართ, მისი დამოკიდებულების მიმართ იმ ურთიერთობასთან დაკავშირებით, რაც ჩვენ წლებია, გვაკავშირებს. ყველაფერს გავაკეთებ, რომ ეს განსაკუთრებული ნდობა, რომელიც პრემიერ-მინისტრმა გამომიცხადა, უმაღლეს დონეზე გავამართლო. გავამართლო ჩემს მოადგილეებთან ერთად. ირაკლი ბერაია, რომელიც პირველ მოადგილედ არის დანიშნული, გელა გელაძესა და ლევან ხარანაულთან ერთად. ჩვენ მუხლჩაუხრელად ვიშრომებთ იმისთვის, რომ ის უდიდესი პასუხისმგებლობა, რომელიც გვაკისრია ჩვენი სახელმწიფოსა და საზოგადოების წინაშე, როგორც აქამდე განვაგრძოთ, განვამტკიცოთ, ინსტიტუციურად კიდევ უფრო გავძლიერდეთ და რაც მთავარია, ვიყოთ ჩვენი ქვეყნის სადარაჯოზე“, - განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.