პოლონეთის საელჩოს გაფრთხილება ბათუმში ინვესტიციების ჩადებაზე - ოპოზიციაში რისკებზე საუბრობენ

05.04.25 13:55
პოლონეთის საელჩოს გაფრთხილება ბათუმში ინვესტიციების ჩადებაზე - ოპოზიციაში რისკებზე საუბრობენ

ბათუმში ბინების შეძენისას და თანხების უძრავ ქონებაში ჩადებისას მაქსიმალური სიფრთხილის გამოჩენის თაობაზე პოლონეთის საელჩოს მიერ საკუთარი ქვეყნის მოქალაქეების გაფრთხილებასთან დაკავშირებით ოპოზიციაში პირველ კომენტარებს აკეთებენ. 

"ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი, ხატია დეკანოიძე ფიქრობს, რომ საქართველოში არსებული პოლიტიკური და ეკონომიკური კრიზისის ფონზე სერიოზული რისკი არსებობს იმისა, რომ დეველოპერებმა ინვესტორები მოატყუონ. 

ვინც დებს რაიმე სახის ინვესტიციას საქართველოში, ექნება სერიოზული შეშფოთება, მათ შორის, როდესაც არ მუშაობს კანონი, არ არსებობს კანონის უზენაესობა. რა თქმა უნდა, ძალიან სერიოზული რისკია, რომ ადამიანები და ინვესტორები მოატყუონ." - განაცხადა ხატია დეკანოიძემ. 

კოალიცია "ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი, ლანა გალდავა კი დარწმუნებულია, რომ იმ ფონზე, როდესაც მართლმსაჯულების სისტემა სრულიად კლანის მარწუხებშია მოქცეული, ქვეყანაში კეთილსინდისიერი ინვესტიციები ვერ შემოვა. 

როდესაც ჩვენი პარტნიორი ქვეყნები ამბობენ, რომ ქვეყანაში არის სარისკო მდგომარეობა ინვესტორისათვის, როდესაც მთელი მსოფლიო ამბობს, რომ სასამართლოს მართავს კლანი, რომელიც რეალურად დამცველი უნდა იყოს უფლებების, ამ ქვეყანაში ვერცერთი კეთილსინდისიერი ინვესტორი ვერ შემოვა. ამიტომაც ვამბობთ, რომ ქვეყანაში არის კრიზისი. კეთილსინდისიერი ინვესტორები, თუნდაც ანაკლიის პორტიდან გაყრილები არიან. დაუცველი სასამართლოს პირობებში ვერცერთი კეთილსინდისიერი ინვესტორი ვერ შემოიტანს ინვესტიციას". - განაცხადა ლანა გალდავამ.

ამავე აზრს იზიარებს პარტია "გახარია საქართველოსთვის" წარმომადგენელი. გიორგი შარაშიძე "პირველებთან" ამბობს, რომ ივანიშვილის რეჟიმი არა ტურისტების და საკუთარი ქვეყნის მოქალაქეების უსაფრთხოების დაცვის საკითხებზე მუშაობს, არამედ საპროტესტო მუხტის ჩახშობით არის დაკავებული. 

პოლონეთის საელჩოს განცხადება კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ საქართველოში საინვესტიციო გარემო არ არის მიმზიდველი უცხოელებისთვის და ვერც იქნება მიმზიდველი, რადგან ამ ქვეყანაში არ არსებობს მიუკერძოებელი და დამოუკიდებელი სასამართლო. თავად ის ფაქტი, რომ პოლონეთის საელჩო პოლიტიკურ და ეკონომიკურ კონტექსტზე მიუთითებს, ეს ბუნებრივია ადასტურებს იმას, რომ დღეს საქართველოს ე.წ. ხელისუფლება დაკავებულია არა ჩვენი მოქალაქეების, მათ შორის ვიზიტორების, ტურისტების, უცხოეთის მოქალაქეების ინტერესებისა და უსაფრთხოების დაცვის საკითხებით, არამედ საპროტესტო მუხტის ჩაცხრობით". - განაცხადა გიორგი შარაშიძემ. 

პოლონეთის საელჩო საქართველოში მყოფ მის მოქალაქეებს აფრთხილებს - დიპლომატიური უწყება პოლონეთის მოქალაქეობის მქონე ადამიანებს მოუწოდებს, რომ ბათუმში საცხოვრებელი ბინების შეძენისას მაქსიმალური სიფრთხილე გამოიჩინონ. 

პოლონეთის საელჩო სოციალურ ქსელში გავრცელებულ განცხადებაში არგუმენტად ასახელებს დეველოპერის მიერ გამოყენებულ არასამართლიან პრაქტიკას და საქართველოში არსებულ პოლიტიკურ-ეკონომიკურ მდგომარეობას.