"როცა სიცოცხლის მოსპობა მემუქრებოდა, მაშინ არ წავედი სამშობლოდან, არსად წასვლას არ ვაპირებ" - ბადრი ჯაფარიძის სიტყვა სასამართლოზე

05.04.25 13:53
"როცა სიცოცხლის მოსპობა მემუქრებოდა, მაშინ არ წავედი სამშობლოდან, არსად წასვლას არ ვაპირებ" - ბადრი ჯაფარიძის სიტყვა სასამართლოზე

 

 

თბილისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარე პროცესზე კოალიცია "ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთმა ლიდერმა, ბადრი ჯაფარიძემ სიტყვის თქმის უფლება გამოიყენა - ჯაფარიძემ, რომელსაც რეჟიმი სისხლის სამართლის კოდექსის 349-ე მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულს ედავება, პირდაპირ თქვა, რომ თავს დამნაშავედ არ მიიჩნევს და მისი ქმედება კანონდარღვევა არ ყოფილა. 

"მიმაჩნია, რომ ბრალი უსაფუძვლოა, მითუმეტეს, გირაო. აქ ისე იყო წარმოჩენილი, რომ მე კრიმინალი ვარ, რომელიც შეიძლება მივიმალო. არსად წასვლას არ ვაპირებ" - განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ სხდომათა დარბაზში. 

ამასთან, ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა მოსამართლე ეკა ბარბაქაძის წინაშე საკუთარი მოსაზრება კიდევ ერთხელ დააფიქსირა იმის შესახებ, რომ "ქართული ოცნება" ე.წ. საგამოძიებო კომისიას პოლიტიკური ოპონენტების წინააღმდეგ ანგარიშსწორებისთვის იყენებს. 

ქალბატონო მოსამართლე, მინდა გითხრათ, რომ თავს არ მივიჩნევ კანონდამრღვევად, კანონის დარღვევად რომ ჩაითვალოს, მოთხოვნა უნდა იყოს კანონიერი. ეს არ იყო კანონიერი მოთხოვნა, უფრო მეტიც, ეს პირდაპირი პოლიტიკური ანგარიშსწორებისთვის შექმნილი დეფაქტო, ერთპარტიული დაჯგუფებაა. მთელი ეს პერიოდი დაკავებული იყვნენ ჩემი ლანძღვა-გინებით, უდანაშაულობის პრეზუმფციის დარღვევით. საგამოძიებო კომისია, როცა ლეგიტომურ პარლამენტში იქმნება, მისი ნახევარი ოპოზიციის წარმომადგენელი უნდა იყოს, ეს ადამიანები ყველაზე ერთგული მხარდამჭერები არიან "ქართული ოცნენის", მისი წევრები ყველაზე ლოიალურები არიან "ქართული ოცნების" მიმართ, "ქართულმა ოცნებამ" ისინი როგორც ოპოზიციური წარმომადგენლები, ისე ჩაწერა, ეს პოლიტიკური თაღლითობაა. 

იმ დაჯგუფების გამოძახებაზე, რომელიც ჩემს გაშავებას, დისკრედიტაციას ისახავდა მიზანს, არ ვაპირებდი ასეთი კომისიის გამოძახებაზე მისვლას. საშუალებას არ მივცემ "ქართული ოცნების" დაჯგუფებას  ე.წ. საგოძიებო კომისია პოლიტიკური ანგარიშსწორების ინსტრუმენტად გამოიყენოს.

ცხადია, მიმაჩნია, რომ ბრალი უსაფუძვლოა, მითუმეტეს, გირაო. აქ ისე იყო წარმოჩენილი, რომ მე კრიმინალი ვარ, რომელიც შეიძლება მივიმალო. ჩემი ავტობიოგრაფია ცნობილია პროკურორისთვის, მე სამჯერ არჩეული პარლამენტის წევრი ვიყავი. ახლა მე ვთქვი უარი ჩემს მანდატზე იმის გამო, რომ მთელი ცივილიზებული სამყაროს მიერაა აღიარებული, რომ არჩევნები მიტაცებულია. შესაბამისად, არალეგიტიმური პარლამენტის მიერ არალეგიტიმურად შექმნილი კომისიის გამოძახების შედეგად არ მივიდოდი. მიმაჩნია, რომ კანონი არ დამირღვევია, ასევე, მიმაჩნია, რომ არაადეკვატურია აღკვეთის ღონისძიების გამოყენება ჩემს მიმართ, რადგან ჩემი ცხოვრება, ჩემი ბიოგრაფია ამ ქვეყანაზეა მიბმული. არსად წასვლას არ ვაპირებ, არც არასდროს წავსულვარ, მათ შორის, გადატრიალების შემდეგაც, საქართველოში დავრჩი როცა გადატრიალება იყო და სიცოცხლის მოსპობა მემუქრებოდა, არც ამ შემთხვევაში არ წავალ",- განაცხადა ჯაფარიძემ.  

თბილისის საქალაქო სასამართლოში "ლელო-  ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერის, ბადრი ჯაფარიძის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. საქმეს მოსამართლე ეკა ბარბაქაძე განიხილავს.

დღევანდელ სხდომაზე ჯაფარიძის მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე მსჯელობენ. სახელმწიფო ბრალდება ჯაფარიძის მიმართ 50 000-ლარიანი გირაოს გამოყენებას მოითხოვს, დაცვის მხარე კი მისი აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვებას.

 ოპოზიციონერი ლიდერის წინააღმდეგ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 349-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც წულუკიანის კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობას გულისხმობს, აღნიშნული ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე.