სად გაქრა ღარიბაშვილი?
სად გაქრა ღარიბაშვილი? - სუს-ის შეფი ისე გაუშვეს და ისე შეარჩიეს ახალი, რომ სავარაუდოდ, ღარიბაშვილისთვის არაფერი უკითხავთ. საჯარო წყაროებსა და განცხადებებში ვერსად იპოვით ინფორმაციას, რომ კონსულტაციებში პარტიის თავმჯდომარე მონაწილეობდა.
წყარო "ქართული ოცნებიდან" "შაბათის ეთერს" ეუბნება, რომ ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის შეფი და აჭარის მთავრობის მეთაურიც ისე გაუშვეს, რომ ღარიბაშვილისთვის არაფერი უკითხავთ. არადა წესით, ირაკლი ღარიბაშვილი პარტიის თავმჯდომარეა, რომლის წევრებიც კობახიძის წარდგინებით ცვლილებებს ამტკიცებენ.
არსებული ინფორმაციით, ირაკლი ღარიბაშვილი ძირითად დროს სახლში, მოსაშვილის ქუჩაზე ოჯახის წევრების გარემოცვაში ატარებს და როგორც მეზობლები ყვებიან, სარემონტო სამუშაოებითა და ავეჯის შეცვლითაა დაკავებული.
ის, ვინც ივანიშვილის მართვის სტილს კარგად იცნობს, ამბობს, რომ ღარიბაშვილის დისტანცირება პარტიისგან კობახიძის დამსახურებაა.
თორნიკე რიჟვაძის შვილის ნათლია ირაკლი ღარიბაშვილია, ამიტომ რიჟვაძე მის კადრად ითვლებოდა. მისი გარემოცვა გვიყვება, რომ ღარიბაშვილს კობახიძემ ნათესავი ისე მოუხსნა, რომ აზრიც არ კითხა.
ეკა ბესელია, რომელმაც ივანიშვილის გვერდით ბევრი წელი გაატარა და იცის, რა და რატომ ხდება, ამბობს, რომ კობახიძემ მისთვის ჩვეული ხელწერა გამოიყენა, რომ ბატონთან კავშირზე მხოლოდ ის ყოფილიყო.
ბესელია ვარაუდობს, რომ გრიგოლ ლილუაშვილი პოსტს ვადაზე ადრე, კობახიძის ჩარევით ჩამოაცილეს.