ლევან მურუსიძესთან არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი ქალი ტყუპი სახლების მშენებლობის ნებართვას ითხოვს

05.04.25 20:48
ლევან მურუსიძესთან არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი ქალი ტყუპი სახლების მშენებლობის ნებართვას ითხოვს

დიღომში, ჰუგო ჰუბერტის ქუჩა, თბილისის საქალაქო სასამართლოს ახლოს, მშენებლობის ნებართვას მოქალაქე ლელა ჭანია ითხოვს. ჭანია ლევან მურუსიძესთან  არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი პირია. მერიას ლელა ჭანიამ ორი ტყუპი სახლების მშენებლობის ნებართვის თხოვნით, ლევან მურუსიძისთვის მძიმე სანქციების დადებამდე, 2025 წლის 1  მარტს მიმართა. 
 
ლევან მურუსიძესთან არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი ლელა ჭანია ჰუგო ჰუბერტის ქუჩის 36 ნომერში 700 კვადრატული მეტრ ფართს ფლობს. სამშენებლო პროექტის მიხედვით, ჭანის აქ ერთმანეთის მსგავსი ორი სახლის აშენება უნდა. ორივეს საცხოვრებელი ფართი 480 კვადრატული მეტრია. გათვალისწინებულია 130 კვადრატული მეტრი დამხმარე და საზაფხულო ფართისთვისაც. 

ლევან მურუსიძემ, არ გვიპასუხა კითხვაზე, მონაწილეობდა თუ არა ლელა ჭანიას დიღმის ვილების დაპროექტებაში, მცირე სატელეფონო განმარტებაში მურუსიძე გვარწმუნებს, რომ მასთან თანაცხოვრებაში მყოფმა ქალმა, მშენებლობა ისე წამოიწყო, რომ მისთვის არც კი უკითხავს. 

ლელა ჭანია თბილისის საქალაქო სასამართლოში სისხლის სამართლის სამდივნოს უფროსის თანამდებობაზე მუშაობს.  მისი ხელფასი "სტუდია მონიტორის" ინფორმაციით, თვეში 2750 ლარია.  ახლა გადამოწმების საშუალება აღარ გვაქვს, ჭანია გვემალება,  დეკლარაციები კი რაჟდენ კუპრაშვილმა დახურა. ლელა ჭანიას ბიზნესი არ აქვს, ანუ ხელფასი მისი ერთადერთ შემოსავალია. ამ სახლების ასაშენებლად არ გამოუტანია იპოთეკური სესხი ბანკიდან, მის არც ერთ უძრავ ქონებას საბანკო ვალდებულება არ ადევს. 

მაკა ანდრონიკაშვილის სპეციალური რეპორტაჟი