"აისბერგის წვერია" - კორუფციის მკვლევარები "ოცნების" დეპუტატების სამშენებლო ბიზნესებზე
"ოცნების" დეპუტატების სამშენელო ბიზნესები - კორუფციის მკვლევარები სავარაუდო კორუფციაზე საუბრობენ. საერთაშორსო გამჭვირვალობა - საქართველოს" წევრი სანდრო ქევხიშვილი პირდაპირ ამბობს, რომ ის, რაც შაბათის ეთერის რეპორტაჟმა გაასაჯაროა, მხოლოდ "აისბერგის წვერია".
ექსპერტის თქმით, პრობლემა მდგომარეობს იმაშიც, რომ ზღვარი პოლიტიკასა და ბიზნესს შორის წაშლილია.
ეს, რაც გამოვლინდა, სავარაუდო კორუფციის შემთხვევები, ეს არის აისბერგის წვერი. ჩვენ უნდა ვივარაუდოთ, რომ ასე ხდება უმეტეს შემთხვევაში. ანუ ქვეყანაში პარლამენტარების და მაღალი თანამდებობის პირების უმეტესობა ასეთი ტიპის კორუფციაში არის ჩართული.
მეორე დაკვირვება არის ის, რომ ზღვარი პოლიტიკასა და ბიზნესს შორის არის წაშლილი. ანუ რეალურად, პოლიტიკოსები ასევე არიან ბიზნესმენები და ისინი პოლიტიკაში არიან იმისთვის, რომ საკუთარი ბიზნესი წაწიონ წინ და არა იმიტომ, რომ მოემსახურონ ქვეყანას და საკუთარ ამომრჩეველს. რამდენიმე ხანია უკვე ვსაუბრობთ ქვეყანაში კლეპტოკრატიის დამყარებაზე და კლეპტოკრატია ზუსტად ამას ნიშნავს, - ამბობს "საერთაშორსო გამჭვირვალობა - საქართველოს" წევრი სანდრო ქევხიშვილი.
ელიტისთვის პრივილეგიების მინიჭებას ავტორიტარული სისტემის ერთ-ერთ ფორმად მიიჩნევს "პრევენცია პროგრესისთვის" გამგეობის თავმჯდომარე ტატო ქელბაქიანი. მისი თქმით, ე.წ. დეპუტატები, რომლებიც სამშენებლო ბიზნესში არიან, ვალდებულები არიან, დიდი ფული სწორედ "ოცნებას" შესწირონ.
ავტორიტარული სისტემის ერთ-ერთი ფორმაა, როდესაც მთელ ელიტას აქვს მინიჭებული პრივილეგიები და სამშენებლო ბიზნესი იქნება თუ სხვა სექტორები, აქვთ გადანაწილებული ეს სექტორები. თქვენ ამ სიუჟეტში ძალიან კარგად ჩანს ეს, უბნებად რომაა დაყოფილი. მათ აძლევენ ამ პრივილეგიებს და მათი მოვალეობაა შემდგომში, რომ ამ მიღებული შემოსავლის ძალიან დიდი წილი, როგორც პირდაპირ შემოწირულობა გაუკეთონ პარტიას, ასევე შავ სალაროში შეიტანონ თანხები, - ამბობს "პრევენცია პროგრესისთვის" გამგეობის თავმჯდომარე ტატო ქელბაქიანი.
"ოცნების" დეპუტატების და მათი ოჯახის სამშენებლო ბიზნესი - "ნოდარ მელაძის შაბათმა" გაარკვია, არალეგიტიმური პარლამენტის რომელ დეპუტატს სამშენებლო ბიზნესისთვის თბილისის რომელი უბანი ერგო.
გამომძიებელმა ჟურნალისტებმა "ოცნების" ათამდე ასეთი დეპუტატი გამოავლინეს.
ვის რომელი უბანი ერგო, ნახეთ შაბათის ეთერის რეპორტაჟში.