სანამ ახალი არჩევნები არ დაინიშნება, საქართველოს არ ეყოლება წარმომადგენლობა საპარლამენტო ასამბლეაში-სამადაშვილი
დებატები ევროსაბჭოში საქართველოში-ოპოზიცია პირდაპირ ამბობს, რომ იმ შემთხვევაში, თუ „ოცნება“ საბოლოოდ იტყვის უარს და დატოვებს ევროსაბჭოს, ეს ნიშნავს, რომ საქართველოს და ქართველ ხალხს დაეკარგებათ წვდომა სტრასბურგის ევროპულ სასამართლოზე და აღარ ექნებათ შესაძლებლობა მიმართონ მას უსამართლო გადაწყვეტილების შემთხვევაში.
ოპოზიციაში აცხადებენ, რომ ყველანაირი ფორმით უნდა აიძულონ „ოცნება“ დანიშნოს ახალი არჩევნები, რათა საქართველო ევროპულ გზას დაუბრუნდეს.
“სანამ ახალი საპარლამენტო არჩევნები არ დაინიშნება - საქართველოს არ ეყოლება წარმომადგენლობა საპარლამენტო ასამბლეაში“,- ამბობს კოალიცია “ძლიერი საქართველოს“ ლიდერი, სალომე სამადაშვილი.
ყველას კარგად ესმის, რომ წულუკიანი აქ ჩამოვიდა ბევრი ტყუილებით - ეს ტყუილები არავინ არ დაიჯერა და მოსთხოვეს "ქართულ ოცნებას" კონკრეტულად ერთი რამ, მთავარი რამ, ეს არის ახალი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნა. სანამ ახალი საპარლამენტო არჩევნები არ დაინიშნება - საქართველოს არ ეყოლება წარმომადგენლობა საპარლამენტო ასამბლეაში, იმიტომ რომ ქართველი ხალხის მიერ არჩეულ დეპუტატებს უნდა ჰქონდეს აქ შესაბამისი მანდატი, რადგანაც "ქართული ოცნების" წარმომადგენლები არიან დე ფაქტო, არალეგიტიმური ხელისუფლება და მათი აღიარება ვერ შედგა დასავლეთში, სწორედ ამიტომ არის რომ სტრასბურგში ქართველი ხალხის სახელით ვსაუბრობთ ჩვენ,- განაცხადა სამდაშვილმა.
კოალიცია “ცვლილებებისთვის“ ლიდერი, ზურა ჯაფარიძე მიიჩნევს, რომ “ოცნებამ“ დასწრებაზე ითამაშა და დატოვა PACE, “რადგან იცოდნენ, რომ დიდი შანსი იყო, გამოეყარათ იქიდან.“
დელეგაციის უფლებამოსილებას რაც შეეხება, დელეგაცია აღარ არსებობს, "ქართულმა ოცნებამ" განაცხადა, რომ წინა სესიის შემდეგ ისინი ტოვებენ პასეს, ამიტომ რაც არ არსებობს - უფლებამოსილების შეწყვეტა, როგორ უნდა მოხდეს, გაუგებარია, მაგრამ არსებობს შანსი რომ “ოცნებამ“ მერე მოინდომოს აქ დაბრუნება, ამიტომ მე რა ინფორმაციაც მაქვს, აქ საუბარია იმაზე, რომ “ოცნებას“ არ მიეცეს მაგის საშუალება. როგორც ყოველთვის - რუსულ სტილში დასწრებაზე ითამაშეს, იცოდნენ, რომ დიდი შანსი იყო რომ გამოეყარათ აქედან, მაგრამ თავისი ფეხით წავიდნენ და ვითომ ამით ღირსება შეინარჩუნეს“,- განაცხადა ჯაფარიძემ.
“ქართული ოცნება “ევროპის საბჭოოსს ვერდიქტიის მოლოდინში-PACE საგაზაფხულო სესიის ფარგლებში, საქართველოში არსებულ სიტუაციასთან დაკავშირებით გადაუდებელ დებატებს გამართავს.
ასამბლეა ასევე იმსჯელებს საქართველოზე მიღებულ რეზოლუციასთან დაკავშირებულ შემდგომ ქმედებებზე, რომელიც საქართველოს დელეგაციის მანდატების რატიფიცირებას ეხება.
შეგახსენებთ, 29 იანვარს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ საქართველოზე კრიტიკული რეზოლუცია მიიღო, რომლითაც „ქართულ ოცნებას“ მოუწოდებდა 2025 წლის აპრილის სესიამდე გაეთავისუფლებინა პოლიტიკური პატიმრები და გამოეცხადებინა ახალი საპარლამენტო არჩევნები.