22 წლის თამაზ მთივლიშვილის მკვლელობაში ბრალდებული რუსეთში დააკავეს
22 წლის თამაზ მთივლიშვილის მკვლელობაში ბრალდებული გიორგი პაპაშვილი ინტერპოლმა რუსეთში დააკავა - ამის შესახებ გახმაურებული საქმის პროკურორმა ჟურნალისტებს განუცხადა.
ლევან ვეფხვაძე ამბობს, რომ ამჟამად საექსტრადიციო პროცედურები მიმდინარეობს.
რაც შეეხება გიორგი პაპაშვილთან ერთად გაქცეულ ალი გუსეინოვს, რომელსაც განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობას ედავებიან, მისი ადგილსამყოფელი უცნობია.
შეგახსენებთ, რომ თბილისში სასტიკი მკვლელობა 17 თებერვალს მოხდა. საქმის მასალების მიხედვით, ბრალდებულმა გიორგი პაპაშვილმა მთივლიშვილს სასიკვდილო ჭრილობები სამზარეულოს საჭრელი ხის დაფით მიაყენა. მან მთივლიშვილს დაფა თავში ჩაარტყა, რამაც ტვინის შეშუპება გამოიწვია.
ბოლო დროის ერთ-ერთ მძიმე მკვლელობაზე ჟურნალისტური გამოძიება "შაბათის ეთერმა" ჩაატარა და პოლიციის ფაილები გაასაჯაროვა.
მარიამ გაფრინდაშვილის მიერ მოპოვებული დოკუმენტებით დგინდება, რომ მკვლელობაში ბრალდებული გიორგი პაპაშვილი პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით თეთრიწყაროში 2020 წელს დააკავეს, გაასამართლეს მაგრამ ციხე ერთ წელიწადში პროკურატურის შეღავათების საფუძველზე დაატოვა - საპროცესო გაუფორმეს და 4 წელი პირობითი მსჯავრი დააკისრეს.
გიორგი პაპაშვილთან ერთად სამართალდამცველები ეძებდნენ 30 წლის ბაირამ ალი გუსეინოვსაც. მეშაურმეს, რომელიც პროკურატურის მტკიცებით, თაზო მთივლიშვილის სასტიკი მკვლელობის ფაქტს 20 წლის ლუკა გვენეტაძესთან, 21 წლის ვერიკო კაპანაძესთან და 20 წლის საბა რობაქიძესთან ერთად უყურებდა, თუმცა დანაშაული დაფარა და ქვეყანა სარფის გავლით მკვლელობაში ბრალდებულ გიორგი პაპაშვილთან ერთად დატოვა.