აჭარა სანქცირებულ ექს პოლიციელს ჩააბარეს - სულხან თამაზაშვილი თანამდებობაზე სრულ იზოლაციაში დაამტკიცეს

07.04.25 20:16
აჭარა სანქცირებულ ექს პოლიციელს ჩააბარეს - სულხან თამაზაშვილი თანამდებობაზე სრულ იზოლაციაში დაამტკიცეს

ირაკლი კობახიძემ პასუხისმგებლობა ყველაფერზე, რაც დღეს ხდება, ირაკლი ღარიბაშვილსაც აკიდა. თქვა, რომ პროცესებში გადაყენებული პრემიერი პარტიის თავმჯდომარის პოსტიდან არის ჩართული. კობახიძემ დღეს უარყო, რომ აჭარის მთავრობის გადაყენებული თავმჯდომარე ღარიბაშვილის კადრი იყო და თქვა ისიც, რომ გზა დიდი პოსტისკენ რიჟვაძეს მან გაუკვალა.

კობახიძე კამერის წინ დღეს, ბათუმში გამოჩნდა, სადაც თბილისის პოლიციის შეფი, აჭარის მთავრობის თავმჯდომარედ წარადგინა. ის ცდილობდა ხალხის დარწმუნებას, რომ მაღალპოლიტიკურ თანამდებობებზე პოლიციელების დანიშვნით ქვეყანაში პოლიციურ რეჟიმს არ ამყარებს და პოლიციელის გამოცდილება საკმარისია, რომ ავტონომიური რესპუბლიკა მართო.  

კობახიძემ დემონსტრაციულად ავტონომიური რესპუბლიკის მეთაურად დიდი ბრიტანეთის მიერ ხალხის ცემისა და დარბევების გამო დანსაქცირებული პირი დანიშნა. უფრო მეტიც, დღეს თქვა, რომ ბრიტანულ სანქციებს გვერდს აუვლის და საბანკო ანგარიშსწორებით სულხან თამაზაშვილი ხელფას მაინც აიღებს, თუმცა არ დაუკონკრეტებია, რომელი ბანკი წავა ამ რისკზე.

აჭარის მთავრობის ახალი თავმჯდომარე დღეს სრულ იზოლაციაში დაამტკიცეს. ორ საათზე მეტი იყო აჭარის უმაღლესი საბჭოს კარი ჩაკეტილი. ასეთი რამ ისტორიას არ ახსოვს. შენობაში არ შეუშვეს მედია. აჭარის მთავრობას ე.წ. თავმჯდომარეს ე.წ დეპუტატებმა ისე უყარეს კენჭი, რომ მისი პროგრამის მოსმენის საშუალება არავის მისცეს. გათიშული იყო პირდაპირი ტრანსლაცია. დარბაზში მხოლოდ "ქართული ოცნების" წევრები იმყოფებოდნენ. შენობის გარეთ კი სამოქალაქო აქტივისტები და ჟურნალისტები პროტესტს გამოხატავდნენ. აქციის მონაწილეები სკანდირებდნენ - "არა პოლიციურ რეჟიმს". 

სანქცირებული კადრი მთავრობაში - დეტალები ნახეთ ნანუკა ქაჯაიას რეპორტაჟში. 

მსგავსი სიახლეები