თბილისის სამმართველოს უფროსად წარადგინეს პოლიციელი, რომელსაც "ოცნების" წარმომადგენლები იარაღის ჩადებაში ადანაშაულებდნენ
თბილისის პოლიციის ახალი შეფი დღეს უწყებაშიც მივიდა და მუშაობასაც შეუდგა, თუმცა ახლა სისტემის შიგნით დაბნეულობაა, ვინ სად გადაჰყავთ, ვის ტოვებენ და ვის უშვებენ. ამ კითხვაზე პასუხები ბუნდოვანია. თბილის პოლიციის შეფებს ახალი უფროსი დღეს სანქცირებულმა ვახო გომელაურმა წარუდგინა. ლაშა გოგნიაშვილს გეგმაზე არაფერი უთქვამს
ვინ არის ლაშა გოგნიაშვილი? პოლიციის მაღალჩინოსანი გურიიდან თბილისში გომელაურის ბრძანებით გადმოიყვანეს. ის 2012 წელს ქარელის პოლიციის უფროსი იყო და "ოცნების" ახალგაზრდული ორგანიზაციის ხელმძღვანელი, გიორგი ბერუაშვილი იარაღის ჩადების მცდელობაში ადანაშაულებდა. ირკვევა, რომ პოლიციის შეფმა, რომელიც 2012 წლის არჩევნების დროს "ოცნების" აქტივისტებს ატერორებდა, მაღალი თანამდებობა "ოცნების" მმართველობის დროს მიიღო.
ამ დრომდე ჰაერშია აჭარის პოლიციის უფროსის ბედი. არაერთ სკანდალში გახვეული გრიგოლ ბესელია პოსტიდან მოხსნის შემდეგ კადრების განკარგულებაშია. სად ნიშნავენ, ამ კითხვაზე პასუხი არ არსებობს. ჩვენი ინფორმაციით, შეთავაზებულ პოსტებს ჯერ ბესელია არ თანხმდება. "პირველებისთვის" ცნობილი ხდება, რომ შესაძლოა პოსტი შეუცვალონ ვაჟა სირაძესაც, მან ამის შესახებ სისტემაში თავად თქვა, თუმცა დღეს "პირველებთან" სატელეფონო საუბარში სირაძემ განაცხადა, რომ მუშაობას საპატრულო პოლიციის შეფად აგრძელებს.
ცვლილებები შინაგან საქმეთა სამინისტროში - დეტალები ვრცლად მარიამ მაკასარაშვილის რეპორტაჟში ნახეთ.