ზურაბიშვილის საერთაშორისო აღიარება და გზავნილები, რომელიც პრეზიდენტმა დიდი პოლიტიკური ტრიბუნიდან გააჟღერა
დიდი პოლიტიკური ტრიბუნა პარიზში სალომე ზურაბიშვილმა იმის სათქმელად გამოიყენა, თუ როგორ ჩაერია რუსეთი საქართველოს არჩევნებში და ოლიგარქების ხელით მიიტაცა სახელმწიფო.
საქართველო კრემლისთვის მხოლოდ საცდელი ადგილი იყო და პუტინი ამაზე არ გაჩერდება - თქვა საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა, რომელიც სიტყვით საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის პარტიის ღონისძიებაზე გამოვიდა. უწყვეტი ტაში და შეძახილები "სალომე" დიდხანს ისმოდა.
არ დაუშვათ საქართველოს ტოტალიტარული დიქტატურის მოდელად ქცევა, გაუწიეთ წინააღმდეგობა! - ეს იყო პრეზიდენტ ზურაბიშვილის სათქმელი ევროკავშირისთვის. ქვეყანაში, რომელმაც კანდიდატის სტატუსი მიიღო, დემოკრატია "ქართული ოცნების" ხელით საბოლოოდ არ უნდა განადგურდეს. სწორედ ამიტომ არის საჭირო დასავლეთის სწრაფი მოქმედება. სალომე ზურაბიშვილს მქუხარე ტაშის გამო რამდენჯერმე მოუწია სიტყვის გაწყვეტა.
დასავლეთი სალომე ზურაბიშვილს აღიარებს ლეგიტიმურ პრეზიდენტად, ეს კარგად გამოჩნდა პარიზშიც. ზურაბიშვილისთვის ოვაციებით დახვედრამ იზოლაციაში მოქცეული ოლიგარქის გუნდი ისე გააღიზიანა, რომ დღეს ირაკლი კობახიძემ მას ვადაგასული, ჩამოწერილი და მოღალატე ეძახა.
ზურაბიშვილის საერთაშორისო აღიარება - დეტალები ნახეთ ლიკა ჯანყარაშვილის რეპორტაჟში.