მეტრო ვაკეში - არჩევნების წინ მერიამ ფასების გამოკითხვა გამოაცხადა
არჩევნების წინ, თბილისის მერიამ დიდუბე-ვაკე-რუსთაველის მეტროს ახალი ხაზის მშენებლობისთვის ფასების საერთაშორისო გამოკითხვა გამოაცხადა - ამის შესახებ ინფორმაციას "ბიემჯი" ავრცელებს.
რამდენიმე დღის წინ თბილისის სატრანსპორტო კომპანიის დირექტორმა, გიორგი შარკოვმა "ბიემჯისთან" საუბრისას განაცხადა, რომ ერთი კილომეტრი ორმხრივი ხაზის გაყვანის სავარაუდო ღირებულება 70-80 მილიონ დოლარს შეადგენს. რაც იძლევა იმის თქმის შესაძლებლობას, რომ პროექტის სავარაუდო ღირებულება 470-560 მილიონი დოლარის ფარგლებში შეიძლება მერყეობდეს.
"ბიემჯი" პროექტის თანახმად იტყობინება, რომ მესამე ხაზის ცენტრალური ნაწილი მეტროსადგურ დიდუბის მიმდებარე ტერიტორიიდან იწყება და მეტროსადგურ რუსთაველს საბურთალოს, ვაკის გავლით უკავშირდება.
მესამე ხაზზე გადასასვლელი ინფრასტრუქტურა "რუსთაველის", "დიდუბისა" და "სამედიცინო უნივერსიტეტის" მეტროსადგურებზე მოეწყობა.
მესამე ხაზს მატარებლების შემადგენლობით მოემსახურება ელ. დეპო „ნაძალადევი“, რისთვისაც პროექტში გათვალისწინებული უნდა იყოს მესამე ხაზიდან მეორე (,,სადგურის მოედანი 2’’ - ,,სახელმწიფო უნივერსიტეტი’’) ხაზზე გადასვლის შესაძლებლობა, საიდანაც მოძრავი შემადგენლობა შეძლებს გადასვლას ,,ელ. დეპო ნაძალადევში’’ (,,წერეთელი’’ - ,,ელ. დეპოს’’ დამაკავშირებელი გვირაბის საშუალებით). ასევე საპროექტო მეტროსადგურებზე „დიდუბე 2“ და „რუსთაველი 2“ უნდა მოეწყოს სამანევრო ჩიხები,"- ნათქვამია აღწერაში.
პროექტის თანახმად, ახალი ხაზი შემდეგ სადგურებს გააერთიანებს:
- დიდუბე 2;
- გამოფენა;
- სამედიცინო უნივერსიტეტი 2;
- ცენტრალური პარკი;
- ვაკის პარკი;
- ვაკე;
- რუსთაველი 2.
რამდენიმე დღის წინ თბილისის მერიამ ანალოგიური ფასების გამოკითხვა გამოაცხადა მეტროს პირველი ხაზის 5 კილომეტრით დაგრძელების დაპროექტებისთვის. საუბარია გლდანის და ვარკეთილის მიმართულებებით ახალი სადგურების დამატებაზე.