"ერთხელ და სამუდამოდ პასუხი უნდა გასცეთ" - გვარამია თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობაზე
ერთხელ და სამუდამოდ პასუხი უნდა გასცეთ, აპირებთ თუ არა თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობის მიღებას, - ასე მიმართა კოალიცია "ცვლილებისთვის" ერთ-ერთმა ლიდერმა, ნიკა გვარამიამ "ქართული ოცნების" პოლიტიკურ ოპონენტებს.
ნიკა გვარამიამ "ტვ პირველის" ეთერში განაცხადა, რომ ოპოზიციური პარტიების მოსაზრება, რომ ახლა ადგილობრივ არჩევნებზე საუბარი "ივანიშვილის შემოგდებული თემაა", არასწორია.
მისივე განმარტებით, როდესაც ასეთ ვითარებაში პოლიტიკოსი არ არის ჩამოყალიბებული იმაზე, სრულად ითანამშრომლოს თუ არა რეჟიმთან მომავალში, "უცნაურია".
მიკვირს, როდესაც პოლიტიკოსები აკეთებენ განცხადებას, რომ (ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე) ახლა ამაზე საუბრის დრო არ არის. თუ ამაზე ლაპარაკი არ გნებავთ, მეგობრებო, მაშინ ერთხელ და სამუდამოდ პასუხი უნდა გასცეთ და დასრულდება ამაზე ლაპარაკი მყისიერად. აღარავითარი შეკითხვა არ დაისმება მეორეჯერ. მაგრამ ვიდრე ამაზე ბუნდოვანი პასუხია, ან საერთოდ არ არის პასუხი, მუდმივად იქნება ამაზე საუბარი.
(ახლა ამაზე საუბრის დრო რომ არ არის და ივანიშვილის შემოგდებული თემაა) ეს არასწორი პასუხია. ეს ან არის არასწორად გააზრებული პასუხი და შესაბამისად არასწორი პასუხი, ან არის ამომრჩევლის შეცდომაში შეგნებულად შეყვანა. ჯერ კიდევ ფიქრობ, შეხვიდე თუ არა არჩევნებში, დაიტოვო თუ არა უკან დასახევი გზა. თუ ზაფხულში აპირებენ პასუხის გაცემას, ესე იგი დღეს არ არიან პასუხის გაცემისთვის მზად... ვინც ვერ ამბობს პასუხს, მივიჩნევთ, რომ ჩამოყალიბებული არ არის. ამ ვითარებაში არ იყო ჩამოყალიბებული იმაზე, სრული არ თანამშრომლობა გქონდეს რეჟიმთან თუ არა, არის უცნაური, რბილად რომ ვთქვათ". - განაცხადა ნიკა გვარამიამ.