PACE-ში ივანიშვილს რუსული გავლენების აგენტად აფასებენ - ბოკუჩავა
PACE-ში ივანიშვილს რუსული გავლენების აგენტად, ხოლო არალეგიტიმურ ხელისუფლებას ავტოკრატიად აფასებენ, - ამის შესახებ განცხადება "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა, თინა ბოკუჩავამ "ტვ პირველის" ეთერში გააკეთა.
სტრასბურგში ოფიციალური ვიზიტით მყოფი პოლიტიკოსი დარწმუნებულია, რომ 10 აპრილს დაგეგმილი დებატების შემდეგ, ევროსაბჭო საქართველოს შესახებ მიიღებს რეზოლუციას, სადაც ქართველი ხალხის ორი უმთავრესი მოთხოვნა იქნება ასახული.
რუსული გავლენების აგენტად აფასებენ პერსონალურად ივანიშვილს და ავტოკრატიად აფასებენ საქართველოს დღევანდელ არალეგიტიმურ ხელისუფლებას... მე არ მინდა მოვლენებს გავუსწრო რეზოლუციასთან დაკავშირებით. როგორც გითხარით, დღეს საღამოსაც კი არის კიდევ ერთი პოლიტიკური ჯგუფის შეხვედრა. ხვალ მთელი დღის განმავლობაში არის შეხვედრები მონიტორინგის კომიტეტის ფარგლებში, ისევე როგორც სხვადასხვა პოლიტიკურ ჯგუფებში.
ასევე ორმხრივ შეხვედრებს ვაწარმოებთ, იქნება ეს დიდი ბრიტანეთის დელეგაცია, თუ სხვა ქვეყნის დელეგაციები, რათა რეზოლუციაში სწორი და პრინციპული ფორმულირებები ჩაიდოს და აისახოს ორი უმთავრესი პირობა, რაც პოლიტპატიმრების გათავისუფლება და ახალი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნაა. არ მინდა გავუსწრო მოვლენებს, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ საგანგებო დებატების შედეგად მიღებული რეზოლუცია ასახავს ამ ორ მოთხოვნას". - განაცხადა თინა ბოკუჩავამ.
ცნობისთვის, დღეს, 7 აპრილს, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სხდომა გაიმართა, სადაც გაირკვა, რომ სტრასბურგში საქართველოს შესახებ დებატები ხუთშაბათს, 10 აპრილს გაიმართება - ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეა, სავარაუდოდ, სწორედ ამ დღეს მიიღებს რეზოლუციას და იმსჯელებს შემდგომ ქმედებებზე, რომელიც საქართველოს დელეგაციის მანდატების რატიფიცირებას ეხება.