"ვატო სამხარაძეს აქვს სიწითლეები სახეზე და ტუჩი გახეთქილი, რეზი დუმბაძეს ის პოლიციელი დაემუქრა და შეაგინა, რომელმაც ადრე დააკავა" - ადვოკატი
გუშინ, რუსთაველის გამზირზე დაკავებული 3 ახალგაზრდა იზოლატორში ადვოკატმა მოინახულა - ისინი ადმინისტრაციული წესით არის დაკავებული.
გიორგი ტაბატაძის განცხადებით, დაკავებულებს სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენელებიც შეხვდნენ.
უფლებადამცველმა სავარაუდო ძალის გადამეტებასთან დაკავშირებით საგამოძიებო სამსახურს მიმართა.
"გამოვედი იზოლატორიდან. სამივე ადმინისტრაციულად არის დაკავებული 166-173 მუხლებით. თავს კარგად გრძნობენ. ვატო სამხარაძეს აღენიშნება სიწითლეები სახეზე და ტუჩი აქვს გახეთქილი. ტანსაცმელიც დაზიანებული აქვს. დაზიანებები მიიღო პოლიციის მხრიდან დაკავების დროს. რეზი დუმბაძეს ის პოლიციელი დაემუქრა და შეაგინა, რომელმაც ადრე დააკავა და მასზე და სხვა დაკავებულებზე იძალადა. რეზის მიმართ ფიზიკურ ძალადობას ამჯერად ადგილი არ ჰქონია. (ვინც ემუქრებოდა, სავარაუდოდ, ის პოლიციელია - გოგო რომ დააყენა მუხლებზე და ავიწროებდა) თაზო კვესელავა კარგად გრძნობს თავს. ხილული დაზიანებები არ აღენიშნება. დაკავებულები მოინახულა სახალხო დამცველის წარმომადგენელმა. მუქარასთან და სავარაუდო ძალის გადამეტებასთან დაკავშირებით სახალხო დამცველის წარმომადგენელმა მიმართა სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს", - წერს ტაბატაძე.
გუშინ, პარლამენტთან 3 ახალგაზრდა დააკავეს.