წულუკიანის ე.წ. კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო, ნიკა გვარამიას, ზურაბ ჯაფარიძისა და გივი თარგამაძის საქმეები პროკურატურაში გაიგზავნება

08.04.25 11:48
წულუკიანის ე.წ. კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო, ნიკა გვარამიას, ზურაბ ჯაფარიძისა და გივი თარგამაძის საქმეები პროკურატურაში გაიგზავნება

თეა წულუკიანის ე.წ. საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო, "კოალიცია ცვლილებისთვის" ლიდერების - ნიკა გვარამიას და ზურაბ ჯაფარიძის საქმეები, ასევე გივი თარგამაძის საქმეც პროკურატურაში გაიგზავნება. ამის შესახებ ე.წ. კომისიის სხდომაზე წულუკიანმა განაცხადა. 

ცნობილია, რომ შესაბამისი მოთხოვნა უწყებაში დღის განმავლობაში გაიგზავნება.

„სხდომაზე გვარამია 10:00 საათზე გახლდათ დაბარებული, თუმცა არ გამოცხადდა. ასევე, საჯაროდ აქვს გაცხადებული, რომ არ აპირებს კომისიაზე გამოცხადებას. კომისიის წევრებსა და საზოგადოებას მინდა განვუმარტო, რომ მასთან მიმართებაში შეტყობინების ოფიციალური პროცედურა წარიმართა კანონით დადგენილი წესით. მან თავადვე დაადასტურა, რომ მისთვის აბსოლუტურად ზედმიწევნით იყო ცნობილი იმის შესახებ, რომ დღეს, 8 აპრილს, 10:00 საათზე უნდა გამოცხადებულიყო კომისიის წინაშე და სახეზეა მისი გათვითცნობიერებული გადაწყვეტილება, რომ არ მოსულიყო სხდომაზე.

ბატონი გივის შემთხვევაში ფელდეგერი ბრძანდებოდა მის საცხოვრებელ მისამართზე, მან პირადად ჩაიბარა შეტყობინება და შემდეგ, ასევე საჯაროდ, როგორც სხვა პირებმა, განაცხადა, რომ კომისიაზე მოსვლას არ აპირებს. 3 აპრილს, როცა ის იყო დაბარებული ჩვენ ყველამ ერთად ვნახეთ, რომ რეალურადაც არ გამოცხადდა. აქაც შეტყობინების პროცედურა კანონით დადგენილი წესით სრულყოფილად არის დასრულებული.

დღევანდელ სხდომაზე, 11:00 საათზე ველოდით ბატონ ზურაბ-გირჩი ჯაფარიძეს. შეტყობინების პროცედურა აქაც არის დასრულებული და მან გუშინ, როგორც სამდივნო გვატყობინებს, მოიწერა საყვედური, რომ ვაწუხებთ მას იმიტომ, რომ მან ბევრჯერ განაცხადა, რომ არ აპირებს კომისიის წინაშე გამოცხადებას არც დღეს და არც მომავალში. შესაბამისად, აქაც შეტყობინების პროცედურა დასრულებულია", - განაცხადა წულუკიანმა.

ცნობისთვის, წულუკიანის კომისიაზე არმისვლის გამო პროკურატურამ მიმართვის საფუძველზე სისხლის სამართლის საქმის წარმოება დაიწყო "ძლიერი საქართველოს" ლიდერების - მამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარიძის წინააღმდეგ. სასამართლომ ოპოზიციონერ ლიდერებს 50-50 ათას ლარიანი გირაო შეუფარდა.

დღეს ასევე პროკურატურის მოთხოვნის საფუძველზე 20 ათას ლარიანი გირაო შეეფარდა ირაკლი ოქრუაშვილსაც. თავდაცვის ყოფილ მინისტრს საზღვრის კვეთაც აეკრძალა.

ოქრუაშვილსაც გამოძიება წულუკიანის კომისიაზე არმისვლას ედავება.  მის წინააღმდეგ საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 349-ე მუხლით არის აღძრული.

 

მსგავსი სიახლეები