ივანიშვილი ცდილობს პოლიტიკური ოპონენტების წინააღმდეგ საქმეები „შეკეროს“ - ირაკლი კუპრაძე ე.წ. საგამოძიებო კომისიაზე

08.04.25 13:00
ივანიშვილი ცდილობს პოლიტიკური ოპონენტების წინააღმდეგ საქმეები „შეკეროს“ - ირაკლი კუპრაძე ე.წ. საგამოძიებო კომისიაზე

კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ გენერალური მდივნის, ირაკლი კუპრაძის განცხადებით, ბიძინა ივანიშვილის ე.წ. საგამოძიებო კომისიის მიზანი პოლიტიკური ოპონენტების დევნა წარმოადგენს. 

როგორც კუპრაძემ აღნიშნა, მათ წინააღმდეგ ბიძინა ივანიშვილი კონკრეტული საქმეების „შეკერვას“ ცდილობს.

„ივანიშვილის მიერ შექმნილი საგამოძიებო კომისიის მიზანია არა სიმართლის დადგენა, არამედ პოლიტიკური აქტორების, პოლიტიკური ოპონენტების დევნა, რომელთა წინააღმდეგაც ივანიშვილი ცდილობს „შეკეროს“ კონკრეტული საქმეები. პარალელურად, შექმნას სამართლებრივი საფუძვლები იმისთვის, რომ კრემლს და რუსეთს მისცეს შესაძლებლობა, ჰქონდეს შესაბამისი უკანონო და პოლიტიკურად საქართველოს ეორვნული ინტერესების შემლახავი განცხადებები და პოზიციები“,- განაცხადა კუპრაძემ.

თეა წულუკიანის ე.წ. საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო, "კოალიცია ცვლილებისთვის" ლიდერების - ნიკა გვარამიას და ზურაბ ჯაფარიძის საქმეები, ასევე გივი თარგამაძის საქმეც პროკურატურაში გაიგზავნება. ამის შესახებ ე.წ. კომისიის სხდომაზე დღეს წულუკიანმა განაცხადა. 

ცნობისთვის, წულუკიანის კომისიაზე არმისვლის გამო პროკურატურამ მიმართვის საფუძველზე სისხლის სამართლის საქმის წარმოება დაიწყო "ძლიერი საქართველოს" ლიდერების - მამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარიძის წინააღმდეგ. სასამართლომ ოპოზიციონერ ლიდერებს 50-50 ათას ლარიანი გირაო შეუფარდა.

დღეს ასევე პროკურატურის მოთხოვნის საფუძველზე 20 ათას ლარიანი გირაო შეეფარდა ირაკლი ოქრუაშვილსაც. თავდაცვის ყოფილ მინისტრს საზღვრის კვეთაც აეკრძალა.

ოქრუაშვილსაც გამოძიება წულუკიანის კომისიაზე არმისვლას ედავება.  მის წინააღმდეგ საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 349-ე მუხლით არის აღძრული.

 

მსგავსი სიახლეები