პრეზიდენტი: ახლა, 36 წლის შემდეგ, იმავე დღეს და იმავე გამზირზე, სადაც თავისუფლებისთვის სისხლი დაიღვარა, ქართველები ისევ ქუჩაში დგანან
ჩეხეთის პარლამენტში სიტყვით გამოსვლა საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა საქართველოსთვის 9 აპრილის მნიშვნელობაზე საუბრით დაიწყო. სალომე ზურაბიშვილმა რუსეთის ძალადობრივი ქმედებები გაიხსენა, რომელსაც თავისუფლებისთვის მებრძოლი ადამიანები შეეწირნენ.
ზურაბიშვილმა პარალელი დღევანდელ რეალობასთან გაავლო და თქვა, რომ დღესაც, ქართველი ხალხი რუსთაველის გამზირზე დგას და რუსეთის წინააღმდეგ ისევ თავისუფლებისთვის იბრძვის.
სალომე ზურაბიშვილმა ჩეხეთის სენატის დეპუტატებს 9 აპრილის მსხვერპლთა პატივისცემისა და ქართველი ახალგაზრდების სოლიდარობის ნიშნად წუთიერი დუმილით პატივის მიგება სთხოვა.
9 აპრილი არის მნიშვნელოვანი დღე საქართველოს ყველა მოქალაქისთვის. ამ დღეს რუსული ტანკები თბილისის ცენტრში შემოვიდნენ და დაარბიეს მშვიდობიანი დემონსტრანტები, რომლებიც თავისუფლებისთვის და დამოუკიდებლობისთვის იბრძოდნენ. მათ გამოიყენეს გაზი და ძალადობის სხვდასხვა ფორმა, რათა დაერბიათ ადამიანები. 21 ადამიანი დაიღუპა, უმეტესობა იყო ქალები, ასობით ადამიანი დაშავდა.
ამ ღამის მთავარი გზავნილი არ გამქრალა - ამან ხელი შეუწყო ერვონულ მოძრაობას და უკვე 2 წლის შემდეგ საქართველოს დამოუკიდებლობას.
თუმცა, ახლა, 36 წლის შემდეგ, იმავე დღეს და იმავე გამზირზე, სადაც სისხლი იღვრებოდა თავისუფლებისთვის, ქართველები კიდევ ერთხელ ქუჩაში იმყოფებიან. ისინი დგანან უკვე 140 დღეზე მეტია. მშვიდობიანად აპროტესტებენ ისეთივე სახიფათო რამეს, რაც არის დემოკრატიისა და დამოუკიდებლობის წინააღმდეგ ქმედება.
მინდა გთხოვოთ, წუთიერი დუმილით მივაგოთ პატივი 9 აპრილს დაღუპულ გმირებს და სოლიდარობა გამოვხატოთ ახალგაზრდების მიმართ, რომლებიც იგივე იდეებისთვის იბრძვიან დღეს. მოვიგონოთ და გავიხსენოთ, ვინც იბრძოდა გუშინ პრაღაში, დღეს უკრაინაში თავისუფლებისთვის და დამოუკიდებლობისთვის, - თქვა სალომე ზურაბიშვილმა.