ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სხდომა გაიხსნა - PACE-ში საქართველოს შესახებ რეზოლუციის დასამტკიცებლად ემზადებიან
ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სხდომა გაიხსნა - ამ წუთებში სტრასბურგში საქართველოს შესახებ ის მომხსენებელი საუბრობს, რომელმაც უნდა წარადგინოს ანგარიში იმის თაობაზე, თუ რა გააკეთა "ქართულმა ოცნებამ" 29 იანვრის შემდეგ.
გავლენიანმა ევროდეპუტატმა სიტყვით გამოსვლის დროს განაცხადა, რომ ივანიშვილის რეჟიმმა PACE-ს რეზოლუციაში გაწერილი არცერთი პუნქტი არ შეასრულა, არ იმუშავა ხელახალი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნაზე და არ გაათავისუფლა პოლიტპატიმრები.
მეტიც, მომხსენებელმა ტრიბუნიდან პირდაპირ თქვა, რომ "ქართულმა ოცნებამ" კრიზისი კიდევ უფრო გააღრმავა, რადგან ამ დრომდე მოქალაქეების წინააღმდეგ რეპრესიები გრძელდება და ამასთან, ძალოვანი უწყების ის წარმომადგენლები, რომლებიც მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ ძალადობრივ ქმედებებს ახორციელებდნენ, დაუსჯელები რჩებიან.
ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სხდომაზე მოხსენების შემდეგ დებატები გაიმართება, რომლის ფარგლებშიც ევროპარლამენტარები საქართველოში განვითარებული მოვლენების შესახებ ისაუბრებენ.
საყურადღებოა, რომ ევროპარლამენტარები PACE-ში "ქართული ოცნების" დელეგაციის უფლებამოსილების შეჩერების საკითხსაც განიხილავენ.
დებატების შემდეგ კი ევროდეპუტატები კენჭს უყრიან რეზოლუციას, რომელიც 29 იანვარს გამოქვეყნებული დოკუმენტის სულისკვეთებას გაიზიარებს და მასში გაწერილი მოთხოვნები უცვლელი დარჩება.