ევროსაბჭოს რეზოლუციის ტექსტში ცვლილებები შევიდა - ოპოზიცია ნიუანსებზე საუბრობს

10.04.25 13:54
ევროსაბჭოს რეზოლუციის ტექსტში ცვლილებები შევიდა - ოპოზიცია ნიუანსებზე საუბრობს

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში კრიტიკული რეზოლუციის დასამტკიცებლად ემზადებიან -  სტრასბურგში მყოფი ქართველი ოპოზიციონერები "პირველებთან" იმ მოლოდინებზე საუბრობენ, რომელიც დოკუმენტის გარშემო არსებობს. 

კოალიცია "ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი, სალომე სამადაშვილი აცხადებს, რომ რეზოლუციაში, რომელსაც ევროდეპუტატები დებატების შემდეგ მიიღებენ, იმავე სულისკვეთების იქნება, როგორც ეს 29 იანვარს იყო. 

მისი განმარტებით, ერთადერთი ცვლილება 29 იანვრის შემდეგ საქართველოში განვითარებული მოვლენების რეზოლუციაში აღბეჭდვა იქნება. სალომე სამადაშვილი აღნიშნავს, რომ დოკუმენტში ე.წ. საგამოძიებო კომისიის შესახებაც იქნება საუბარი. 

მთავარი გზავნილი, რასაც დღეს ევროპიდან მოისმენს ქართველი ხალხი, არის ის, რომ მათ მართავს ხელისუფლება, რომელსაც არ აქვს ევროპაში არანაირი ლეგიტიმაცია. სწორედ ამიტომ არის, რომ არ მოხდა წულუკიანის დელეგაციის უფლებამოსილების აღიარება. დღეს კიდევ ერთხელ იტყვიან, რომ სანამ არ შესრულდება ის პირობები, რასაც ითხოვს ევროსაბჭო, როგორიც არის ახალი საპარლამენტო არჩევნების ჩანიშვნა და პოლიტპატიმრების გათავისუფლება, არანაირი წარმომადგენლობა არ ეყოლება "ქართულ ოცნებას" ევროსაბჭოში.

წულუკიანი საგამოძიებო კომისიაზე იქნება ცალკე ჩანაწერი, რომ ეს არის პოლიტიკური დევნის ინსტრუმენტი. წარმოუდგენელია, რომ ევროსაბჭოში დელეგაციის არ მქონე ქვეყნის ყოფნა დიდხანს გაგრძელდეს, სანამ არ დადგება დღის წესრიგში საკითხი ევროსაბჭოდან გარიცხვის ქვეყნის და შესაბამისად, უვიზო მიმოსვლის დაკარგვის". - განაცხადა სალომე სამადაშვილმა. 

"ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" ლიდერი, თინა ბოკუჩავა აცხადებს, რომ იქამდე, სანამ ივანიშვილის რეჟიმი რეზოლუციაში გაწერილ მოთხოვნებს არ შეასრულებს, რაც ხელახალი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნასა და პოლიტპატიმრების გათავისუფლებას გულისხმობს, მანამდე PACE-ში "ქართულ ოცნებას" წარმომადგენელი არ ეყოლება. 

ეს რეზოლუცია გაიმეორებს 2585 რეზოლუციის მოთხოვნებს, რომელიც ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ მიიღო იანვრის სესიაზე, სადაც მოითხოვა ახალი, თავისუფალი, სამართლიანი არჩევნების ჩატარება საქართველოში, ისევე როგორც ყველა პოლიტპატიმრის გათავისუფლება. ეს დასახა პირობად, რომლის შესრულების გარეშეც, ივანიშვილის რეჟიმის წარმომადგენლები ვერ დაბრუნდებიან ასამბლეაში. ეს ნიშნავს, რომ კომისარი წულუკიანი და ივანიშვილის სხვა უსახელო პაიკები აქ თეორიულადაც კი დაბრუნდებიან მხოლოდ ოპოზიციის რანგში". - განაცხადა თინა ბოკუჩავამ. 

რეზოლუციის ტექსტში შეტანილ ცვლილებებზე "პირველებთან" ზურაბ ჯაფარიძეც საუბრობს. კოალიცია "ცვლილებისთვის" ერთ-ერთი ლიდერი ამბობს, დოკუმენტში აისახა ის დრაკონული კანონები, რომლებიც ერთპარტიულმა პარლამენტმა კრიტიკული მედიის, მესამე სექტორის და ოპოზიციის წინააღმდეგ მიიღო. 

რეზოლუციის ტექსტში ცვლილებები რაც იყო შეტანილი მონიტორინგის კომიტეტმა დაამტკიცა. ტექსტი საკმაოდ მკაცრია. აკეთებს ძირითადად რეფერირებას წინა რეზოლუციაზე, თუმცა მნიშვნელოვანი რაც არის, არის ის, რომ დამატებულია ყველა ის მოვლენა, რომელიც საქართველოში განვითარდა წინა რეზოლუციის მიღების შემდეგ. პირველ რიგში, ეს ეხება რეპრესიულ კანონმდებლობას, რომელიც მიმართულია არასამთავრობო სექტორის, პროტესტში მონაწილეების, ოპოზიციისა და კრიტიკული მედიის წინააღმდეგ. არის აქცენტი ამ ე.წ. კომისიაზე, რომელიც ახლა გამოიყენა პოლიტიკურ პარტიებზე და პოლიტიკურ ლიდერებზე ზეწოლის მექანიზმად". - განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ. 

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სხდომა გაიხსნა - ამ წუთებში სტრასბურგში საქართველოს შესახებ ის მომხსენებელი საუბრობს, რომელმაც უნდა წარადგინოს ანგარიში იმის თაობაზე, თუ რა გააკეთა "ქართულმა ოცნებამ" 29 იანვრის შემდეგ. 

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სხდომაზე მოხსენების შემდეგ დებატები გაიმართება, რომლის ფარგლებშიც ევროპარლამენტარები საქართველოში განვითარებული მოვლენების შესახებ ისაუბრებენ. საყურადღებოა, რომ ევროპარლამენტარები PACE-ში "ქართული ოცნების" დელეგაციის უფლებამოსილების შეჩერების საკითხსაც განიხილავენ.

დებატების შემდეგ კი ევროდეპუტატები კენჭს უყრიან რეზოლუციას, რომელიც 29 იანვარს გამოქვეყნებული დოკუმენტის სულისკვეთებას გაიზიარებს და მასში გაწერილი მოთხოვნები უცვლელი დარჩება. 

მსგავსი სიახლეები