კალაძე აშშ-ის მიერ საქართველოსთვის გამოყოფილ 6 მილიარდს "კაპიკებს" უწოდებს

10.04.25 13:48
კალაძე აშშ-ის მიერ საქართველოსთვის გამოყოფილ 6 მილიარდს "კაპიკებს" უწოდებს

თბილისის მერი, კახა კალაძე "კაპიკებად" წარმოაჩენს იმ დახმარებას, რომელიც ამერიკის შეერთებულმა შტატებმა საქართველოს დამოუკიდებლობის დღიდან დღემდე გამოუყო. 

კალაძე ამტკიცებს, რომ "პარტნიორებს მეტი უნდა მოვთხოვოთ". 

რაც შეეხება ივანიშვილის პრემიერის მიერ 9 აპრილთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებას, მერი ამბობს: "უცხოური ძალა იყო საბჭოთა არმია, აბა ვინ იყო": 

„უცხოური ძალა“ ნიშნავს იმას, რასაც დღეს წარმოადგენს უცხოური ძალა დღევანდელი რადიკალების სახით, რომლებიც არიან გამარგინალებულები. ის რაც მოხდა, ის უბედურება, რაც დაგვატყდა, უცხოური ძალა იყო, საბჭოთა არმია აბა ვინ იყო? ჩვენი შინაურები იყვნენ? 

არ იფიქროთ, რომ აქ ამერიკელი ან ევროპელი ჩამოვა და ქართველის გასაკეთებელს ის გააკეთებს. ბევრი რაღაცები იფუთებოდა, რომ ვითომ რა კეთილ საქმეებს აკეთებს და რა „კეთილი ბიძიები“ არიან, მაგრამ ამის უკან, ბოლო წლებში კარგად გამოაშკარავდა ყველაფერი - სახელმწიფო გადატრიალებების მცდელობა, საზოგადოების გახლეჩა, დაპირისპირება, ექსტრემისტული ორგანიზაციების დაფინანსება, საიდან მოდიოდა ეს თანხები? ხომ ვერ შემახსენებთ. 

ამერიკის შეერთებულ შტატებს აქვს 6 მლრდ დახმარება საქართველოსთვის, ბიძინა ივანიშვილს ქველმოქმედებაში აქვს დახარჯული 6 მლრდ დოლარი. აშშ არის ზესახელმწიფო, უძლიერესი სახელმწიფო. იმით კი არ უნდა დავკმაყოფილდეთ, 6 მლრდ დოლარი 30 წლის განმავლობაში რომ დახარჯეს, უფრო მეტი უნდა მოვთხოვოთ პარტნიორობისთვის, მეგობრობისთვის. ამ აგენტურით, რომელიც იქმნებოდა წლების განმავლობაში ორ კაპიკს გადმოაგდებდნენ და ამით თურმე უნდა ვყოფილიყავით კმაყოფილები“,- განაცხადა კალაძემ.

ივანიშვილის პრემიერის, ირაკლი კობახიძის თქმით, 36 წლის წინ, 9 აპრილს "მოქმედებდა გარე ძალა, სხვა გარე ძალა და დღესაც მოქმედებს ჩვენი ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ გარე ძალა". 

მსგავსი სიახლეები