შვაბე "ოცნებას": ვფიქრობ, ახალი არჩევნები უნდა ჩაატაროთ
"თუ გინდათ იყოთ პუტინის რუსეთის მეგობარი, კი ბატონო, მაგრამ არ შეგიძლიათ, ძირი გამოუთხაროთ ამ ორგანიზაციის ღირებულებებს და წესებს" - ასე მიმართა "ქართულ ოცნებას" ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს შესახებ დებატების დროს ფრანკ შვაბემ.
მისივე თქმით, თუკი "ოცნება" ქვეყანას პუტინის რუსეთის მაგალითზე ცვლის, ეს კი დასავლური სამყაროს საერთო პრობლემაა.
ზოგიერთი ქართველი პოლიტიკოსი მეუბნება - თქვენ გინდათ, თქვენ გადაგვიწყვიტოთ, საით წავიდეთო. რა თქმა უნდა, არ მომწონს, თუ ომის დამნაშავეებს ემეგობრებით. თუ გინდათ იყოთ პუტინის რუსეთის მეგობარი, კი ბატონო, შეგიძლიათ ეს გააკეთოთ. მაგრამ თქვენ არ შეგიძლიათ, ძირი გამოუთხაროთ ამ ორგანიზაციის ღირებულებებსა და წესებს. თუკი თქვენს ქვეყანას პუტინის რუსეთის მაგალითზე ცვლით, მაშინ ჩვენ საერთო პრობლემა გვაქვს." - განაცხადა ფრანკ შვაბემ.
დეპუტატმა ახალი არჩევნების ჩატარების აუცილებლობაზე ღიად ისაუბრა:
იანვარში ჩვენ ძალიან მკაფიო "მესიჯი" გამოგიგზავნეთ : გთხოვთ, დაბრუნდით. დაუბრუნდით ჩვენთან კონსტრუქციულ დიალოგს და მოდით, ვიაროთ სწორი მიმართულებით ერთად, მაგრამ სამწუხაროდ, დღეს შეგვიძლია ვთქვათ, რომ საპირისპირო მოხდა. გთხოვთ, საქართველოს ხელისუფლება დაუბრუნდით ჩვენს გზას. ვფიქრობ, ახალი არჩევნები უნდა ჩაატაროთ, რადგან გჭირდებათ გარკვეული ახალი ლეგიტიმაცია, ჩვენ ვიხილეთ დარღვევები არჩევნების დროს. თქვენ უნდა გააკეთოთ ყველაფერი ძალადობის შესაჩერებლად და უნდა გაათავისუფლოთ პოლიტიკური პატიმრები“, - აღნიშნა გერმანელმა დეპუტატმა.
89 მომხრე, 3 წინააღმდეგი - ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ საქართველოს შესახებ რეზოლუცია დაამტკიცა. დოკუმენტის ხელმომწერები თანხმდებიან, რომ საქართველოში ვითარება გაუარესდა, დემოკრატია პროგრესის ნაცვლად რეგრესს განიცდის, ამიტომ ევროდეპუტატები "ქართულ ოცნებას" მოუწოდებენ, წინა რეზოლუციაში გაწერილი პუნქტები დაუყოვნებლივ შეასრულოს.
რა წერია დოკუმენტში? - სრულად მოცემულ ბმულზე იხილეთ.