საქართველოში სიტუაცია ყველა ფრონტზე გაუარესდა - ევროდეპუტატი
"საქართველოში მდგომარეობა არ გაუმჯობესებულა, სიტუაცია ყველა ფრონტზე გაუარესდა" - ამის შესახებ პორტუგალიელმა პარლამენტარმა ედიტ ესტრელამ განაცხადა.
როგორც მან ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში გამართულ დებატებზე აღნიშნა, "ადამიანის უფლებების დამცველებისა და ომბუდსმენის ანგარიში, რომ დიდი რაოდენობით დაკავების დროს, ადამიანები დაექვემდებარნენ წამებას და ცუდად მოპყრობას, შემაშფოთებელია".
გახსოვთ, რომ იანვარში ასამბლეამ დაამტკიცა რეზოლუცია "ოცნების" დელეგაციის უფლებამოსილების ცნობასთან დაკავშირებით. გახსოვთ, რომ ასამბლეამ ღრმა შეშფოთება გამოთქვა საქართველოში პოლიტიკურ კრიზისთან დაკავშირებით და დაგმო დემონსტრანტების ძალადობა პოლიციის მხრიდან, დაგმო დარბევები ოპოზიციისა და სამოქალაქო საზოგადოებისა.
იანვრის შემდეგ მდგომარეობა არ გაუმჯობესებულა. არ მომხდარა არანაირი პროგრესი ჩვენი რეკომენდაციების გაცემის შემდეგ. პირიქით, მდგომარეობა გაუარესდა ყველა ფრონტზე. ასამბლეამ მკაფიოდ განსაზღვრა რეკომენდაციები და მოთხოვნები, რათა გადაჭრილიყო პოლიტიკური კრიზისი ქვეყანაში. დემოკრატიული უკუსვლა გრძელდება, არ გადადგმულა ნაბიჯი, რათა შესრულებულიყო ასამბლეის მოთხოვნა, დაუყოვნებლივ განხორციელებულიყო ინკლუზიური პროცესი, რათა შექმნილიყო საარჩევნო გარემო, რომელიც დემოკრატიულ არჩევნებს წაადგება.
გრძელდება ძალადობა სამოქალაქო საზოგადოების და ჟურნალისტების წინააღმდეგ. საქმეები პოლიციის მხრიდან ძალადობაზე არ გამოძიებულა. შემაშფოთებელია ადამიანის უფლებების დამცველებისა და ომბუდსმენის ანგარიში, რომ დიდი რაოდენობით დაკავების დროს, ადამიანები დაექვემდებარნენ წამებას და ცუდად მოპყრობას. ეს უნდა შეწყდეს. ასამბლეის მოთხოვნები და რეკომენდაციები უნდა აღსრულდეს", - განაცხადა ედიტ ესტრელამ.
89 მომხრე, 3 წინააღმდეგი - ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ საქართველოს შესახებ რეზოლუცია დაამტკიცა. დოკუმენტის ხელმომწერები თანხმდებიან, რომ საქართველოში ვითარება გაუარესდა, დემოკრატია პროგრესის ნაცვლად რეგრესს განიცდის, ამიტომ ევროდეპუტატები "ქართულ ოცნებას" მოუწოდებენ, წინა რეზოლუციაში გაწერილი პუნქტები დაუყოვნებლივ შეასრულოს.
რა წერია დოკუმენტში? - სრულად მოცემულ ბმულზე იხილეთ.