წულუკიანმა დააანონსა, რომ პროკურატურას ნიკა მელიას გამოუცხადებლობის შემთხვევაშიც მიმართავს

11.04.25 13:26
წულუკიანმა დააანონსა, რომ პროკურატურას ნიკა მელიას გამოუცხადებლობის შემთხვევაშიც მიმართავს

თეა წულუკიანმა ე.წ საგამოძიებო კომისიაზე "ერთიანობის" ლიდერის, გიორგი ვაშაძის გამოუცხადებლობის გამო პროკურატურას მიმართავს. აღნიშნულის შესახებ მან სხდომაზე განაცხადა.

წულუკიანმა დააანონსა, რომ იგივეს გააკეთებს, თუ კოალიცია "ცვლილებისთვის" ლიდერი, ნიკა მელია ე.წ. კომისიაზე არ გამოცხადდება და ამის შესახებ გაბიტაშვილის უწყებას აუცილებლად მიმართავს. 

„სხდომის საჯაროდ გახსნა შეგვიყოვნდა იმ მიზეზიდან გამომდინარე, რომ პირველი პირი, ვინც ახსნა-განმარტებისთვის გახლდათ დაბარებული კომისიის წინაშე, იყო ბატონი გიორგი ვაშაძე, რომელიც 10:00 საათზე იყო მოწვეული. ახლა, როგორც ყველა ხედავთ, 11:30 საათია. მისთვის პროცედურულად აბსოლუტურად ცალსახად იყო ცნობილი, რომ ის დღეს, კომისიის წინაშე უნდა გამოცხადებულიყო 10:00 საათზე. აბსოლუტურად ყველა პარამეტრით გონივრული დრო არის გასული მას მერე, რაც ის უნდა გამოცხადებულიყო სხდომაზე და არ გამოცხადდა. დოკუმენტურად დადასტურებულია, რომ მან იცოდა, რომ დაბარებული იყო კონკრეტულ დღეს, კონკრეტულ საათზე, მაგრამ როგორც ვხედავთ, საათ ნახევარია გასული და ის არ მობრძანებულა. შესაბამისად, საკითხს კენჭისყრაზე ვაყენებ, რომ გიორგი ვაშაძის საქმე სსკ-ის 349-ე მუხლის სავარაუდო დარღვევასთან დაკავშირებით გადაეგზავნოს საქართველოს პროკურატურას.

სხდომაზე დაბარებულია ნიკა მელია და მე მას მოვუწოდებ, რომ მობრძანდეს. წინააღმდეგ შემთხვევაში მოგვიწევს იგივე გადაწყვეტილება მივიღოთ, რაც სულ ახლახან მივიღეთ ბატონი გიორგი ვაშაძის შემთხვევაში," - განაცხადა წულუკიანმა კომისიის სხდომაზე.

გიორგი ვაშაძე "ქართული ოცნების" ე.წ. საგამოძიებო კომისიის სხდომაზე, დღეს, 10:00 საათზე იყო დაბარებული, თუმცა ის არ გამოცხადებულა.  

მსგავსი სიახლეები