წულუკიანმა ნიკა მელიას ზრდილობა დაუწუნა და თქვა, რომ გამოუცხადებლობასთან დაკავშირებით პროკურატურას მიმართავს
თეა წულუკიანი ე.წ. კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო პროკურატურას ნიკა მელიასთან დაკავშირებითაც მიმართავს.
წულუკიანმა დღეს კოალიცია "ცვლილებისთვის" ლიდერს ზრდილობა დაუწუნა და თქვა, რომ სამდივნოსგან წარგზავნილი შეტყობინება ნიკა მელიამ "აბუჩად აიგდო.
„დღეს, ჩვენთან პირველ საათზე ახსნა-განმარტების მოსაცემად მოწვეული იყო ბატონი ნიკა მელია. მას შეტყობინება გაეგზავნა. სამდივნოს დადასტურებულად აქვს დოკუმენტები, რომ მან ეს შეტყობინება მიიღო, რომ მისთვის ცნობილი იყო, დღეს, პირველ საათზე უნდა გამოცხადებულიყო. სხვა გამოსაკითხი პირებისგან განსხვავებით, წევრებისთვის არაფერია დასამალი და უნდა გითხრათ, მან ჩათვალა, რომ უფლება აქვს სამდივნოსთან ჰქონდეს ზრდილობასთან მწყრალი დამოკიდებულება და აბუჩად აიგდო ეს შეტყობინება, მაშინვე. თუმცა, მე არ ვკარგავდი იმედს, რომ ის დროულად გონს მოეგებოდა და გამოცხადდებოდა კომისიის სხდომაზე. ამის დასტურია ისიც, რომ როდესაც ჩვენ ვნახეთ, საშვთა ბიუროში პირველ საათზე მოცემული პირი არ გამოცხადდა, აი, ამ დრომდე, 16:00 საათი ხდება და ჩვენ კენჭისყრაზე საკითხი არ დაგვიყენებია იმიტომ, რომ ყველა ადამიანს აქვს უფლება რაღაც მომენტში იფიქროს ასე და მერე გადაიფიქროს და სხვანაირად მოიქცეს. მით უმეტეს, სისხლის სამართალში ამას თავისი კვალიფიკაციაც აქვს, რომ შეიძლება ჩაიდინო დანაშაული და შემდეგ უცებ გადაიფიქრო და ხელი აიღო ამაზე. როგორც ჩანს, ასეთ შემთხვევასთან არ გვაქვს საქმე და მან, სავარაუდოდ, გადაწყვიტა, რომ დაარღვიოს სსკ-ის 349-ე მუხლი. ასეთ შემთხვევაში, ჩვენი ვალია, მივიღოთ გადაწყვეტილება, გადაიგზავნოს თუ არა ნიკა მელიას საქმე საქართველოს პროკურატურაში“, -განაცხადა თეა წულუკიანმა.
ცნობისთვის, წულუკიანის ე.წ. საგამოძიებო კომისიაზე დღეს დაბარებულები იყვნენ: "ერთიანობის" ლიდერი გიორგი ვაშაძე, "კოალიცია ცვლილებისთვის" ლიდერი ნიკა მელია, კოალიცია "ცვლილებისთვის" ლიდერი ნიკა გვარამია და "კოალიცია ცვლილებისთვის" ერთ-ერთი ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე. არცერთი ოპოზიციონერი პოლიტიკოსი "ოცნების" პარლამენტში არ გამოცხადდა.