რეჟიმის საერთაშორისო იზოლაციის აღიარება და შეცვლილი რიტორიკა - რა თქვა კობახიძემ თურქეთში
ევროკავშირის სახელმწიფოები საქართველოს ელჩებსაც აღარ ელაპარაკებიან. ირაკლი კობახიძე ანტალიაში გამართულ ფორუმზე ამბობს, რომ ქართველ დიპლომატებს ევროპული ქვეყნების მთავრობებთან კომუნიკაციის დამყარება უჭირთ და გასაკეთებელი, ფაქტობრივად, აღარაფერი აქვთ. ეს ნიშნავს, რომ ივანიშვილის პარტიასთან დასავლეთმა პოლიტიკურთან ერთად დიპლომატიური კავშირები გაწყვიტა. კობახიძეს უკმაყოფილება არ ეტყობა, არც საკუთარ პასუხისმგებლობას გრძნობს და ყველაფერს ომს აბრალებს.
ირაკლი კობახიძეს კარგა ხანია არ მისცემია შანსი, სხვადასხვა ქვეყნის ლიდერთან ერთად ასეთ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსულიყო. დიდხნიანი პაუზის შემდეგ მისი დასავლეთისადმი უკმაყოფილების გამოსახატადაც ასპარეზი მიეცა, თუმცა კობახიძემ რიტორიკა რადიკალურად შეცვალა, ტონი დაარბილა და კრიტიკა, ფაქტობრივად, მთლიანად გააქრო. არ უხსენებია დიფ სთეითი, ომის პარტია ან დასავლეთის მცდელობა საქართველოს სუვერენიტეტი შელახოს. ის, რითიც "ოცნება" საზოგადოებას ქვეყენის შიგნით კვებავს, გარე აუდიტორიისთვის არ გაუზიარებია.
რატომ საუბრობს "ქართული ოცნება" მაპოლარიზებელი ენით და ანტიდასავლური გზავნილებით ქვეყნის შიგნით და რა ცვლის ქვეყნის გარეთ მის რიტორიკას? ოპოზიციაში ამბობენ, რომ კობახიძე ანტალიაში იგივეს ვერც გაიმეორებდა. დიფ სთეითზე თურქეთში საუბარი მას სასაცილოს გახდიდა, ომში ჩათრევის მცდელობის დაბრალებას კი ვერ გაბედავდა, რადგან მან ყველაზე კარგად იცის, რომ მეგობრები პარტნიორს ომში არ ითრევენ. ამ ყველაფერს თბილისში მხოლოდ საკუთარი ამომრჩევლის შენარჩუნებისთვის და რუსეთის საამებლად ამბობს, პოლარიზაციის გაზრდა კი მისი ერთ-ერთი პრიორიტეტია.
ვრცლად ნახეთ რუსუდან დუმბაძის რეპორტაჟში.