"ქართული ოცნების" სამტრედიელი "ტიტუშკები" ამერიკაში გაიქცნენ

12.04.25 21:49
"ქართული ოცნების" სამტრედიელი "ტიტუშკები" ამერიკაში გაიქცნენ

"ქართული ოცნების" სტაჟიან "ტიტუშკად" აღიარებული გივი მუქერია სამტრედიიდან წავიდა, ამერიკაში ჩავიდა და ახლა, სავარაუდოდ, შტატებს პოლიტიკურ თავშესაფარს სთხოვს. ოპოზიციის ცნობით, მუქერია კარლო კალაძის დაჯგუფების წევრია . "ტვ პირველმა" ჯერ კიდევ 2021 წლის ოქტომბერში გადაიღო კადრები, როდესაც მუქერია თავისუფალ ტელევიზიებს თავს ესხმოდა და ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებდა.

  • ირკვევა, რომ "ქართული ოცნების" სტაჟიანი "ტიტუშკა", რომელიც ოპოზიციონერ ლიდერებს თავს ესხმოდა, აშშ-ში მექსიკის გავლით გაიქცა. იქამდე, სანამ ნიუ-იორკში ჩააღწევდა, ამერიკა-მექსიკის საზღვარზე თვეობით მოუწია ციხეში ყოფნა. ახლა კი ბრუკლინში ცხოვრობს და ტაქსის მძღოლად მუშაობს.

გივი მუქერია აშშ-ში მარტო არ წასულა მექსიკის უდაბნოს გავლით, შტატებში ჩაიყვანა ცოლი და არასრულწლოვანი შვილიც.  

"შაბათის ეთერის" ინფორმაციით, ქვეყანა ასევე დატოვა ოლიგარქის პარტიის ახალგაზრდული ფრთის წევრმა, დავით თოდუამაც. თავდაპირველად, თოდუა პარტიის აქტივისტი იყო. მოგვიანებით კი "ოცნებამ" სამტრედიის გამგეობაში დაასაქმა. თუმცა ახალგაზრდა კაცი მექსიკის გავლით სამტრედიიდან მალე გაიქცა და შტატებში პოლიტიკური თავშესაფარი მოითხოვა. ახლა მის სოციალურ ქსელში გვხვდება ვიდეო, სადაც ჩანს, რომ ის ამერიკაში მცხოვრებ ქართველებთან ერთად რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციებს ესწრება. 

"შაბათის ეთერმა" გაარკვია, რომ "ტიტუშკისა" და ახალგაზრდული ფრთის წევრის გარდა, აშშ-ში სამტრედიის ორგზის მერიც წავიდა. ოფიციალური ვერსიით, ვალერიან ფოცხვერია მკურნალობს, თუმცა ჩვენი ინფორმაციით, ის ბრუკლინში ხე-ტყის საამქროში მუშაობს. სამტრედიიდან ამერიკაშია წასული "ქართული ოცნების" ყოფილი მაჟორიტარი, ლაშა რუსია და "ქართული ოცნების" მერის ყოფილი თანაშემწე, ანზორ ბუაძეც. 

ემიგრანტი ტიტუშკები - თამთა დოლენჯაშვილის სპეციალური რეპორტაჟი

მსგავსი სიახლეები