"ოცნება" და "გლდანის შაურმა" - როგორ აღმოჩნდა მომგებიანი ბიზნესი კობახიძის გარემოცვის ხელში
"ნოდარ მელაძის შაბათის" ჟურნალისტური გამოძიება - ირკვევა, რომ ქალაქში ყველაზე ცნობილ "გლდანის შაურმას" ირაკლი კობახიძის მიერ რუსეთში, საქართველოს დიპლომატიური მისიის ხელმძღვანელად დანიშნული კაცი მამუკა მერკვილაძე ფლობს.
ბიზნესმენი, რომელმაც გლდანის შაურმის მომგებიანი ბიზნესი რუსეთში ქართული ოცნების დესპანს მისცა, კახა მენაღარიშვილია. მენაღარიშვილმა კომპანიის წილები უსასყიდლოდ მაშინ დათმო, როდესაც გლდანის შაურმის ცნობილი ბრენდი იყო ფილიალებს ერთმანეთის მიყოლებით ხსნიდა.
ინფორმირებული ადამიანი "შაბათის ეთერს" უყვება, რომ გლდანის შაურმა სწრაფი კვების ობიექტის დამფუძნებლებს, საკუთარი ნებით არ დაუთმიათ, ბიზნესი მფლობელებს წაართვეს.
- დოკუმენტების მიხედვით, „გლდანის შაურმა“ რომელსაც კომპანია "ემსი გლდანი" ფლობს, მენაღარიშვილმა 2020 წლის პირველ ივნისს დაარეგისტრირა. წილის 20% -ი 18 წლის შვილის რატი მენაღარიშვილის სახელზე გააფორმა, 80 პროცენტი კი ბიზნესმენ ირაკლი თუშიშვილის საკუთრება გახდა.
- დოკუმენტებში ჩანს, რომ ბრენდად ქცეული ბიზნესი მეწილეებმა ერთად დათმეს და კომპანიის დირექტორს აჩუქეს. დირექტორმა კი ნაჩუქარი ბიზნესი ჩუქებიდან 10 დღეში, კობახიძის რჩეული დიპლომატის მამუკა მერკვილაძის სახელზე გადააფორმა.
კახა მენაღარიშვილი სახელმწიფოსთვის გადასახადების დამალვაშია ბრალდებული. განსასჯელის სკამზე რამდენიმე თვის წინ აღმოჩნდა. გლდანის შაურმის ყოფილ მფლობელს 2016 წელს ჩატარებული აუდიტორიული შემოწმებით გამოვლენილ დარღვევებზე პასუხს ახლა სთხოვენ.
საქმე საგამოძიებო უწყებამ თაროდან სავარაუდოდ მას შემდეგ ჩამოიღო, რაც "გლდანის შაურმის" ყოფილმა მფლობელმა წართმეულ ბიზნესზე ალაპარაკება გადაწყვიტა. იგივეს უდასტურებს "შაბათს ეთერს" ინფორმირებული ადამიანი მენაღარიშვილის გარემოცვიდან.