ოლიგარქის მხილება ყოფილი პრემიერისგან - გიორგი გახარიამ ხელი ბიძინა ივანიშვილს დაადო
5-საათიანი დაკითხვის ბოლოს მთავარი სათქმელი გიორგი გახარიამ ბოლოსთვის შემოინახა და 20 ივნისის სისხლიან დარბევაზე ხელი ბიძინა ივანიშვილს დაადო. მან თქვა, რომ როდესაც მელიას დაკავების დროს დარწმუნდა, რომ ივანიშვილი მინისტრებს დავალებებს პირდაპირ აძლევდა, გაჩნდა ეჭვი, რომ ასე ხდებოდა 20 ივნისის სისხლიანი დარბევის დროსაც.
იქამდე, ვიდრე გიორგი გახარია კარტებს ბოლომდე გახსნიდა, თქვა, რისი ბრძანება გასცა 20 ივნისს როგორც ძალოვანი უწყების ხელმძღვანელმა. გიორგი გახარიამ 6 წლის შემდეგ პირველად წულუკიანის კომისიაზე განაცხადა, რომ მისი დავალებით არ უსვრიათ მშვიდობიანი მომიტინგეებისთვის ე.წ. დათვის ტყვიები.
ვიდრე პარლამენტში მისული გახარია ამ სკანდალურ განცხადებას გააკეთებდა, "ოცნებას" მოსთხოვა ოცი ივნისის საქმეზე გამოკითხონ ბიძინა ივანიშვილი. ყოფილმა მაღალჩინოსანმა ამ მოთხოვნით ე.წ. კომისიის წევრებს, პრაქტიკულად, მიანიშნა, ვინ იცის ბრძანების გამცემის ვინაობა. წულუკიანს გახარიამ მოუყვა, რომ რეზინის ტყვიების გამოყენების შემდეგ რაციით გასცა ბრძანება, არ გამოეყენებინათ აქციის მონაწილეების წინააღმდეგ აკრძალული ტყვიები, თუმცა მას არ დაემორჩილნენ.
ახლა ჩნდება კითხვა, ვინ იყო შინაგან საქმეთა მინისტრზე უფრო მეტად გავლენიანი პირი, ვისაც შეეძლო სპეცრაზმისთვის სროლის ბრძანება მიეცა. ყოფილი ძალოვანი პოლიტიკურ პასუხისმგებლობას მომხდარ დარბევაზე იღებს, თუმცა სამართლებრივ პასუხისმგებლობას გახარია გავრილოვის მთავარ მასპინძელს, ირაკლი კობახიძეს აკისრებს.
ვინ გასცა ბრძანება? - დეტალები ნახეთ ნანუკა ქაჯაიას რეპორტაჟში.