"შაპიტოში მონაწილეობის მიღებას არ ვაპირებ" - ზურაბ ჯაფარიძე მაგისტრი მოსამართლის წინაშე გამოიკითხა
თბილისის საქალაქო სასამართლოში კოალიცია "ცვლილებისთვის" ერთ-ერთი ლიდერის, ზურაბ ჯაფარიძის გამოკითხვა დასრულდა - ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა ე.წ. საგამოძიებო კომისიის სხდომაზე არ მისვლის გამო კითხვებს მაგისტრი მოსამართლის წინაშე უპასუხა.
როგორც ჯაფარიძემ გამოკითხვის დასრულების შემდეგ მედიასთან განაცხადა, მთავარი კითხვა, რაც მასთან ჰქონდათ, იყო ის, თუ რატომ არ გამოცხადდა წულუკიანის კომისიის სხდომაზე, რაზეც უპასუხა, რომ "შაპიტოში მონაწილეობის მიღებას არ აპირებდა".
ზურაბ ჯაფარიძე აანონსებს იმასაც, რომ იმ შემთხვევაში, თუ სასამართლო მის წინააღმდეგ გირაოს გამოიყენებს, დაკისრებულ ჯარიმას არ გადაიხდის.
- სავარაუდოა, რომ ხვალ ზურაბ ჯაფარიძე პროკურატურაში დაიბარონ და ბრალი წაუყენონ.
კითხვა იყო, რატომ არ მივედი. ავუხსენი, რატომ არ მივედი, რაც საჯაროდაც ბევრჯერ მაქვს ნათქვამი. მაგ შაპიტოში მონაწილეობის მიღებას არ ვაპირებ. მაგის მერე მკითხეს, რომ კიდევ, რომ დაგიძახონ არ მიხვალო და არა-მეთქი და მაგით მორჩა. იქიდან გამომდინარე, რომ ამ პარლამენტის და მთავრობის ლეგიტიმაციას არ ცნობს არავინ დედამიწის ზურგზე, გარდა რამდენიმე ქვეყნისა, რომლებიც არიან რუსეთის სატელიტი ქვეყნები, როგორიც არის ნიკარაგუა და ვენესუელა და კიდევ ჰამასი და ჰეზბოლა აღიარებს. ხოდა ჩემი პასუხი იყო, რომ მე ვდგავარ ცივილიზებული სამყაროს გვერდით. შესაბამისად, ლეგიტიმურები არ არიან და რა კომისიაც არ უნდა შექმნან და გააკეთონ, მე მათთან თანამშრომლობას არ ვაპირებ. გირაოს და არაფრის გადახდას არ ვაპირებ, არაფრის გაკეთებას არ ვაპირებ", - ამბობს ზურაბ ჯაფარიძე.
ჯაფარიძის უფლებადამცველი არ გამორიცხავს, რომ სასამართლო პროცესზე, რომელიც უახლოეს დღეებში ჩაინიშნება, დააყენონ შუამდგომლობა და ე.წ. კომისიის წევრების გამოკითხვა მოითხოვონ.
ეს არის ჯერ ერთი არალეგიტიმურ დროებით საგამოძიებო კომისია. ლეგიტიმურიც, რომ იყოს, გამოცხადების ვალდებულების ჩადება კანონში არის არაკონსტიტუციური თუ არ დასაბუთდება. მეორე, ვინც ხელი მოაწერა ამ გამოცხადებაზე, ბრალის წარდგენის შემთხვევაში ოფიციალურად დავწერ განცხადებას, რომ გამომიკითხონ კომისიის წევრები, მივმართავ თუ ისინი არ დათანხმდებიან ადვოკატის მოთხოვნას, რომ კომისიის წევრები სასამართლოში წარმოვადგინო და მე დავუსვა შეკითხვები. შემდეგ სასამართლოს მივმართავ და იძულებით მივიყვან ყველა იმ პირს, რომელსაც გააჩნდა ზურაბ ჯაფარიძესთან შეკითხვები და ამ სისხლის სამართლის საქმეზე მომიწევს, რომ დავკითხო კომისიის ყველა წევრი", - ამბობს ზურაბ გირჩი ჯაფარიძის ადვოკატი.
ვრცლად ნახეთ მარიამ მაკასარაშვილის ჩართვაში.