"ოცნება" გახარიას ტერიტორიების დაკარგვაში ადანაშაულებს

14.04.25 20:41
"ოცნება" გახარიას ტერიტორიების დაკარგვაში ადანაშაულებს

"ოკუპანტისთვის ბოდიშის მოხდა რომ გადაწყვიტეთ, ეს იყო შეთანხმებული ვინმესთან? მეილი არსებობს?" - ასე უპასუხა საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, თეა წულუკიანის შეკითხვას, რომელიც ჩორჩანაში განვითარებულ მოვლენებზე კითხვებს სვამდა. 

დღეს "ქართული ოცნების" წევრებმა გიორგი გახარია ტერიტორიების დაკარგვაში დაადანაშაულეს. თეა წულუკიანი ამტკიცებდა, რომ შინაგან საქმეთა მინისტრობის დროს გიორგი გახარიას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური არ გაუფრთხილებია იმის შესახებ, რომ ჩორჩანასთან საგუშაგოს ხსნიდა.

"ეს იყო სიურპრიზი" - ამტკიცებდა წულუკიანი. 

ბრალდებების პასუხად გიორგი გახარიამ თქვა, რომ ყველამ ყველაფერი იცოდა. 

წულუკიანი: სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს არ გაუგზავნია შეტყობინება საგუშაგოს მოწყობის შესახებ ტექნიკური შეთანხმების შესაბამისად.

გახარია: და რუსები გაბრაზდნენ. ოკუპანტებისთვის ბოდიშის მოხდა რომ გადავწყვიტეთ, ეს იყო შეთანხმებული ვინმესთან? მეილი არსებობს?

წულუკიანი: სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისთვის საგუშაგოს განთავსება იყო სიურპრიზი.

გახარია: ეს არის თქვენი ინტერპრეტაცია. მე მაშინ ბატონ ალეკოსთან არ მისაუბრია. მე ვისაუბრე მაშინ სუს-ის ხელმძღვანელთან. ეს ყველაფერი იყო შეთანხმებული. ყველამ ყველაფერი იცოდა.

გახარია: მთავარი მიზანი იყო გამოგონილი რუკის საფუძველზე. 1 800 ჰექტარი ტყის მოჭრა საქართველოსგან. ეს იყო მთავარი მიზანი. მთავარი შედეგი, რომელიც ასევე გვაქვს, საოკუპაციო ხაზი რუკაზეც და მიწაზეც არის ზუსტად იქ, სადაც იყო.

წულუკიანი: ეს არ არის სიმართლე. გადმოწეულია ხაზი.

გახარია: თქვენ ურევთ საოკუპაციო ხაზს და საგუშაგოს.

წულუკიანი: ხაზი არის შეცვლილი იმის პასუხად, რაც თქვენ სიურპრიზად გააკეთეთ. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ეს შეიტყო ოსებისგან. არ უნდა წაეღოთ, უნდა დაგვეწყო პროცედურებით.

გახარია: მაგ შემთხვევაში წაიღებდნენ 1 800 ჰექტარს.

წულუკიანი: ახლაც წაიღეს.

გახარია: არაფერი არ წაუღიათ ახლა.

წულუკიანი: ტყუილს ამბობთ.

გახარია: ამასთან ერთად წაიღებდნენ და ოფიციალური პრეტენზია გაუჩნდებოდათ, დასაბუთებული პრეცედენტული პრეტენზია გაუჩნდებოდათ 27 დამატებით საოკუპაციო ტერიტორიაზე.