წულუკიანის კომისიას ვადას უხანგრძლივებენ - ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობას შეძლებს ყველა პარტია
"ქართული ოცნება" „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ - ივანიშვილის პარტიის სპიკერი, მამუკა მდინარაძე ამბობს, რომ ოპოზიციურ პარტიებს თვითმმართველობის არჩევნებამდე არ აკრძალავს.
მდინარაძემ საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ე.წ. საგამოძიებო კომისიას ერთპარტიული პარლამენტი ვადას გაუხანგრძლივებს და შესაბამისად, თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობის შესაძლებლობა ყველა პარტიას ექნება.
კამერების წინ "ოცნების" ლიდერ აანონსებს, რომ ადგილობრივ არჩევნებში ოპოზიციის მონაწილეობის შემდეგ, საკონსტიტუციო სარჩელი მომზადდება, რომელიც მისივე მტკიცებით, "კოლექტიურ ნაცმოძრაობას" აკრძალავს.
კომისიის მუშაობის მხოლოდ 3-თვიანი ვადის გამოყენების შემთხვევაში, შესაძლებელი იყო თვითმმართველობის არჩევნებამდე ყველა პროცედურის შესაბამისი წესის დაცვით მოსწრება, თუმცა თუ ჩვენ ვადას ერთი თვით გავახანგრძლივებთ, უკვე შეგვიძლია ვთქვათ, რომ აღნიშნული პროცესის ამ ვადაში დასრულება შეუძლებელია. შესაბამისად, მივიღებთ ობიექტურ რეალობას, როდესაც კოლექტიურ "ნაცმოძრაობას" კიდევ ერთხელ ექნება არჩევნებში მონაწილეობის უფლება.
მიუხედავად ამისა, კომისიის ვადის გაგრძელებაზე უარს არ ვიტყვით. რადგან ჩვენი გუნდისთვის არცერთი და არც მეორე შემთხვევა პრობლემას არ წარმოადგენს. როგორც იტყვიან ხოლმე, ზოგი ჭირი მარგებელია. მზად ვართ, რომ მიმდინარე წლის თვითმმართველობის არჩევნებზე აგენტურულ პარტიებს ჯერ ქართველმა ხალხმა გასცეს საკადრისი პასუხი და სახელოვნად გავიმარჯვოთ, შემდეგ კი მყარი და ფაქტებზე დაფუძნებული საკონსტიტუციო სარჩელი მოვამზადოთ, რომელიც ობიექტურად უნდა გახდეს კოლექტიური ნაცმოძრაობის აკრძალვის საფუძველი წელსვე, თვითმმართველობის არჩევნებიდან ახლო პერიოდში.
ამის გარდა, არავის მივცემთ უფლებას არც ქვეყნის შიგნით და არც ქვეყნის გარეთ ამ საკითხის სპეკულირებისა და ამის საშუალებას არავის მივცემთ, რომ "ქართულმა ოცნებამ" კოლექტიური ნაცმოძრაობის აკრძალვა იჩქარა სწორედ თვითმმართველობის არჩევნებამდე და რადგან კომისიის მუშაობის ვადის გაგრძელება გახდა აუცილებელი, მოქმედებათა ფორსირებას ნამდვილად არ შევეცდებით...
რაც შეეხება, კოლექტიურ ნაცმოძრაობას, ჩვენ გვაქვს მოლოდინი, რომ თავიანთი პატრონები და დამფინანსებლები დაავალებენ ამ ჩვენი განცხადების შემდეგ და მოუწევთ მონაწილეობა მათთვის ბოლო არჩევნებში, სადაც კიდევ ერთხელ დავანახებთ ყველას, რამდენად უშედეგოა დამოუკიდებელ და თავმოყვარე საქართველოში გარე ძალების მიერ ხელისუფლების აგენტურით ჩანაცვლების ნებისმიერი მცდელობა". - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.