საჯარო სექტორში დაწყებული წმენდა პოლიტიკური ნიშნით დევნა და განსხვავებული აზრის ჩახშობის მცდელობაა - ყოფილი საჯარო მოხელეები
საჯარო უწყებებში, მათ შორის, საბავშვო ბაღებში დაწყებულ საკადრო წმენდას საჯარო სამსახურებიდან გაშვებული თანამშრომლები რეპრესიებად და განსხვავებული აზრის ჩახშობის მცდელობად აფასებენ. ყოფილი საჯარო მოხელეები პირდაპირ ამბობენ, რომ არალეგიტიმური ხელისუფლება ცდილობს, საჯარო სექტორი სრულ მორჩილებაში ჰყავდეს.
რეპრესიების გაგრძელებაა, რასაც ვხედავთ ბაღების სააგენტოში, როგორც მაქვს ინფორმაცია, დაანონსდა პარლამენტის ადმინისტრაციაში და ა.შ. ეს ემსახურება მხოლოდ და მხოლოდ ერთ რამეს, რომ მოხდეს განსხვავებული, დამოუკიდებელი აზრის ჩახშობა და ყოველთვის ადმინისტრაციული ორგანო ახმოვანებდეს მმართველი პარტიის და ხელისუფლების მესიჯბოქსს და იყოს მისი უპირობო მხარდამჭერი, - ამბობს სალომე მაჭარაშვილი.
კიდევ ერთი ყოფილი საჯარო მოხელე ამბობს, რომ რეჟიმი სამსახურიდან უშვებს ყველას, ვისაც არასანდოდ მიიჩნევს. ნინო ტყეშელაშვილის თქმით, "ოცნების" მიზანია, საჯარო სამსახურებში მხოლოდ მათი იდეოლოგიის გამზიარებელი ადამიანები დატოვონ.
მთავარი მესიჯი ის არის, რომ ვინც მათ არ ემორჩილება, ვინც მათ მითითებებს არ ასრულებს და მათ იდეოლოგიას, ვთქვათ, დიფ სთეითის მტრის ხატად დანახვა იმ ქვეყნების, იმ საერთაშორისო ორგანიზაციების და იმ დიპლომატების, რომლებსაც წლებია ჩვენი ქვეყნის განვითარებაში ძალიან დიდი წვლილი შეაქვთ, ვინც ამ ყველაფერში არ ყვება, არ არის მათთვის სანდო და ვინც არ არის სანდო, არ უნდა იყოს მათთან ერთად და ამიტომ დაიწყო ზუსტად წმენდა საჯარო სამსახურების, - ამბობს ნინო ტყეშელაშვილი.
საჯარო სამსახურებში საკადრო წმენდას დაშინების მცდელობად აფასებს საჯარო სამსახურიდან კიდევ ერთი გაშვებული თანამშრომელი. მარიამ ჩაჩუა პირდაპირ ამბობს, რომ ის, რაც საჯარო სამსახურებში ხდება, პოლიტიკური ნიშნით დევნაა.
ბაღები, რომლებიც ყოველთვის განიცდიდნენ კადრების ნაკლებობას და სადაც თითქმის, 40-50 ბავშვია ჯგუფში და იქ მუშაობს 2 აღმზრდელი, იქიდან უშვებენ კადრებს, რომელთა მოზიდვაც იქნება ძალიან რთული. რა თქმა უნდა, ეს არის პოლიტიკური ნიშნით დევნა და ეს არის ყველაზე მთავარი, საჯარო სამსახურის პოლიტიკური ნეიტრალიტეტის პრინციპის დევნა, იმიტომ, რომ ხელისუფლება ამ ფორმით ეუბნება ადამიანებს, რომ თუ თქვენ არ იქნებით მორჩილები, თუ თქვენ არ იქნებით ერთგულები პარტიის და არა ქვეყნის, პარტიის იდეოლოგიის და არა ქვეყნის ღირებულებების, ასეთ შემთხვევაში, დაკარგავთ სამსახურს, - ამბობს მარიამ ჩაჩუა.
"ქართულმა ოცნებამ" ქვეყანაში არსებული საპროტესტო ტალღის დათრგუნვის მიზნით, ათობით საჯარო სტრუქტურიდან, 700-მდე თანამშრომელი გაათავისუფლა" - ამის შესახებ ინფორმაციას "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო" ავრცელებს.
TI წერს, რომ რეორგანიზაციის, ხელშეკრულების ვადის ამოწურვის ან სხვა ფორმალური მიზეზებით, გაათავისუფლეს ის თანამშრომლები, რომლებმაც ხელი მოაწერეს საპროტესტო განცხადებებს ევროინტეგრაციის შეჩერების თაობაზე, ან ღიად გამოხატეს თავიანთი კრიტიკული პოზიცია ხელისუფლების პოლიტიკის მიმართ.