გახარიას გუნდი: ჩვენი გზა, გეგმა და სტრატეგია ასეთია
პარტია "საქართველოსთვის" წევრები ამტკიცებენ, რომ წულუკიანის კომისიაზე მისვლის გადაწყვეტილება გიორგი გახარიამ პერსონალურად მიიღო. ბექა ლილუაშვილი ამბობს, რომ პარტიის ლიდერს კითხვებზე პასუხების გაცემის არ ეშინია და მზადაა, ყველა ფორმატში და ყველა საკითხზე ისაუბროს.
გახარიას გუნდში ბრაზს არც ოზიციური პარტიების ლიდერებზე მალავენ, რომლებმაც გახარია კომისიაზე მისვლის გამო მწვავედ გააკრიტიკეს.
თუ ვინმე ფიქრობს, რომ არმისვლით ან არსაუბრით საზოგადოებას უფრო დიდ საქმეს უკეთებს, ვიდრე საუბრით, ეს მათი გადაწყვეტილებაა. ჩვენი გზა, ჩვენი გეგმა და სტრატეგია არის ასეთი. ამის გამო ყველამ თავი დაანებოს სპეკულაციას და თავის დღის წესრიგს მიხედოს.
ჯერ გამოდიან და ლაპარაკობენ რაღაც ერთობაზე, მერე გამოდიან და სალომე ზურაბიშვილს, რომელიც შეიძლება, იყოს ამ პლატფორმის ერთადერთი ეფექტური შესაძლებლობა, ამაზე პირდაპირ შეტევას აკეთებენ, ილანძღებიან და მერე ლაპარაკობენ რაღაც შეთანხმებებზე, რაღაც შეთანხმების დარღვევაზე, - ამბობს ბექა ლილუაშვილი.
ოპოზიციური პარტიები გიორგი გახარიას შეთანხმების დარღვევაში პირდაპირ ადანაშაულებენ.
მათი თქმით, ოთხმა პარტიამ ზურაბიშვლთან ერთად პირობა დადო, რომ არ მივდინოდნენ წულუკიანის კომისიაზე და ლეგიტიმაციას არალეგიტიმურ პარლამენტს არ მისცემდნენ. ხელისუფლების ოპონენტების თქმით, ოთხიდან სამმა პირობა შეასრულა, რაც ლიდერებს ბრალის წარდგენის ფასი დაუჯდათ.