"ოცნებას" ქართულ საზოგადოებასთან სერიოზულ დათმობებზე წასვლა მოუწევს - ფიქრია ჩიხრაძე
კოალიცია "ძლიერი საქართველოს" წევრი ფიქრია ჩიხრაძე ფიქრობს, რომ "ოცნებას" ქართულ საზოგადოებასთან სერიოზულ დათმობებზე წასვლა მოუწევს. ამის საფუძველს პოლიტიკოსს ივანიშვილის და მისი გუნდის წინააღმდეგ დაწესებული საერთაშორისო სანქციები აძლევს.
ჩიხრაძე პირდაპირ ამბობს, რომ ივანიშვილს ყველაზე მეტად საკუთარი ფული და ქონება აღელვებს და ამის დასაცავად ყველაფერს გააკეთებს.
ბიძინა ივანიშვილმა თავისი წყაროებით იცოდა, რომ ის იყო სანქცირებულთა სიაში. შეიძლება მას სამოგზაურო სანქცია ამ წუთში დიდად არ აღელვებს, იმიტომ, რომ ის დიდად მოგზაურობის სიყვარულით არ გამოირჩევა, მაგრამ ის გამოირჩევა ფულის და ქონების სიყვარულით. ამიტომ ბრიტანული სანქციები იქნება თუ სხვა სანქციები, რომელიც სწორედ მის ამ ინტერესს ემუქრება, ეს არის მისთვის გადამწყვეტი და მე, აქედან გამომდინარე, ვფიქრობ, რომ "ქართულ ოცნებას" მოუწევს უსერიოზულეს დათმობებზე წასვლა ქართულ საზოგადოებასთან. სერიოზული შიში და სიფრთხილე მართებთ იმის გამო, რომ დღეს-ხვალ, ზეგ-მაზეგ უკვე სხვა ადამიანებამდეც მივა სანქციები, - ამბობს ფიქრია ჩიხრაძე.
ცნობილია რეჟიმისა და მისი მსახურების სია, რომელიც ლიეტუვამ რამდენიმე თვის წინ დაასანქცირა და ქვეყანაში შესვლა აუკრძალა.
დასანქცირებულთა 102 კაციან სიაშია ბიძინა ივანიშვილი, ირაკლი კობახიძე და პოლიციის ის მაღალჩინოსნები, ვინც მშვიდობიანი დემონსტრანტების დარბევაზეა პასუხისმგებელი.
ლიეტუვამ შავ სიაში შეიყვანა ირაკლი კობახიძის მამა, გიორგი კობახიძე.
შავ სიაში მოხვდნენ, სინდისის პატიმრების საქმეების მოსამართლეები და რეჟიმის პროპაგანდისტები, ირაკლი რუხაძე და გოგა ხაინდრავა.