"ხალხი არ უნდა დაისაჯოს" - გახარია EU-თან უვიზო მიმოსვლის შესაძლო შეჩერებაზე

16.04.25 14:05
"ხალხი არ უნდა დაისაჯოს" - გახარია EU-თან უვიზო მიმოსვლის შესაძლო შეჩერებაზე

პარტია "საქართველოსთვის" ლიდერი გიორგი გახარია მიიჩნევს, რომ ივანიშვილის მთავრობის ცუდი საქციელის გამო, ხალხი არ უნდა დაისაჯოს. მისი თქმით, გახარიას გუნდი ყველაფერს გააკეთებს, რათა ქართველმა ხალხმა ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლა, როგორც მნიშვნელლოვანი მონაპოვარი, არ დაკარგოს. 

საფრთხე ასეთი მანამდეც არსებობდა, მაგრამ ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლა ეს ქართველი ხალხის მონაპოვარი და მიღწევაა და ეს არ მომხდარა ერთ და ორ დღეში. ამაზე ძალიან ბევრმა ადამიანმა ძალიან დიდხანს იშრომა. ამიტომ, დღეს ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, მიუხედავად იმისა, როგორი მთავრობა გვყავს. მიუხედავად იმისა, შეიძლება კი არა, ეს მთავრობა არ იმსახურებს, მაგრამ ხალხი იმსახურებს და ხალხის დასჯა არ უნდა მოხდეს მთავრობის ცუდი ქმედებების და ცუდი საქციელის გამო. ამიტომ ჩვენ, ჩვენი პარტია, ჩვენი პოლიტიკური ძალა ყოველტვის იცავდა უვიზო მიმოსვლას და გააგრძელებს ამის კეთებას, - ამბობს გახარია. 

ევროკავშირი უვიზო რეჟიმის წესებს ცვლის - როგორც "რადიო თავისუფლების" ჟურნალისტის რიკარდ იოზვიაკის მიერ მომზადებულ სტატიაშია ნათქვამი, ევროკავშირი აპირებს ვიზალიბერალიზაციის შეჩერების მექანიზმის გამარტივებას, რაც ბრიუსელს გაუადვილებს უვიზო რეჟიმის გაუქმებას 61 ქვეყნისთვის, რომლებიც ამჟამად ევროკავშირის ტერიტორიაზე თავისუფალი მიმოსვლით სარგებლობენ, მათ შორის არიან კანდიდატი ქვეყნები:  დასავლეთ ბალკანეთი, უკრაინა მოლდოვა და საქართველო. 

გასულ კვირას გაიმართა მოლაპარაკებები ევროკომისიის, ევროპულ საბჭოსა და ევროპარლამენტს შორის და სამივე ინსტიტუტი ცდილობს ამ საკითხზე შეთანხმებას პოლონეთის თავმჯდომარეობის პერიოდში მიაღწიოს და შესაძლოა ახალი კანონი უკვე შემოდგომის დასაწყისში ამოქმედდეს.

 

მსგავსი სიახლეები