უგულავას ხედვა თვითმმართველობის არჩევნებზე და მიმართვა ოპოზიციას
გიგი უგულავა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობა/არ მონაწილეობის საკითხზე ოპოზიციას საგზაო რუკის შემუშავებისკენ მოუწოდებს.
პოლიტიკოსის თქმით, „ოცნება“ ადგილობრივ არჩევნებს სატყუარად განიხილავს და ეს პარტიების აკრძალვის გადადების დაანონსებამ სრულიად ცხადი გახადა:
დღევანდელ ვითარებაში ის მართლაც ოპოზიციისთვის ხაფანგია. ზოგი ფიქრობს მონაწილეობას, ზოგი ყოყმანობს, ზოგიც უარყოფს. არადა ყველაზე მეტად ერთიანი პოზიციაა საჭირო. დღევანდელი მოცემულობით მონაწილეობა ნებისმიერს რეჟიმის ლეღვის ფოთლად აქცევს. საქართველოში დღეის მდგომარეობით არჩევნები გაუქმებულია. ხვალ მდგომარეობა კიდევ უფრო მძიმე იქნება, ვიდრე დღეს და ვიდრე 2024-ში იყო“, დაწერა უგულავამ.
პოლიტიკოსის აზრით თვითმმართველობის არჩევნების საკითხზე ოპოზიციამ მწყობრი პოზიცია უნდა დააფიქსიროს:
- რატომ არ ვმონაწილეობთ;
- რა პირობებშია შესაძლებელი ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა.
„გთავაზობთ რამდენიმე მოსაზრებას. ეს სამუშაო იდეებია და ამით ვცდილობ გავიდეთ ურთიერთ ბრალდების რეჟიმიდან. ფაქტია, „ოცნებას“ ძალიან უნდა შეგვათრიოს ამ არჩევნებში, შესაბამისად, უნდა დავტესტოთ რამდენად დიდია ეს მათი სურვილი, რისი დამთმობები არიან. რა შეიძლება იყოს ეს პირობები:
- პოლიტპატიმრების (მათ შორის სააკაშვილის) განთავისუფლება;
- ყველა ბრუტალური და დრაკონული კანონის გაუქმება, რაც „ოცნებამ“ მიიღო ბოლო ერთი წლის განმავლობაში, მათ შორის არჩევნებთან და ცესკოსთან დაკავშირებული (კალანდარიშვილის მეთაურობით არჩევნები ვერ ჩატარდება);
- ადგილობრივ არჩევნებთან ერთად ჩატარდეს პლებისციტი შეკითხვით: გსურთ თუ არა ახალი საპარლამენტო არჩევნები ჩატარდეს 2025 წლის 27 დეკემბერს? (თარიღი ცხადია სამსჯელოა);
- პლებისციტში კი-ს გამარჯვების შემთხვევაში, არსებული „ოცნების“ მთავრობა გადადგება. ზურაბიშვილ-ყაველაშვილის და ბარიერგადალახული 4+1 („ოცნების“) ეგიდით დამტკიცდება ტექნიკური გარდამავალი მთავრობა, რომელიც ჩაატარებს არჩევნებს;
- „ქართული ოცნების“ ფაქტობრივი უმრავლესობა იღებს ვალდებულებას, დაამტკიცოს გარდამავალი მთავრობა“, - აღნიშნავს ოპოზიციის ლიდერი.
უგულავას თქმით, "პოლიტიკური პარტიები, პრეზიდენტი ზურაბიშვილი, საზოგადოებრივი ჯგუფები და მოძრაობები, ყველა დაინტერესებული პირი უნდა მსჯელობდეს ამაზე და არა დასწრებაზე ერთმანეთს იარლიყებს ვაწებებდეთ".
"თუ საგზაო რუკა იარსებებს, გვერდზე გახტომაც გაუჭირდებათ კოლეგებს. მარტო განცხადება - არ ვმონაწილეობ - არაა შემაკავებელი. ისევე როგორც ვმონაწილეობ, ვემზადები მონაწილეობისთვის, ღალატისა და გარიგების კვალს ტოვებს...
ცალკე საკითხია, ასეთი თემები როგორც წესი შუამავალ, მომლაპარაკებელს გულისხმობს, თუმცა უგულავა არ გამორიცხავს, ოპოზიციას „ოცნებასთან“ პირისპირ საუბარი მოუწიოს, რაც კიდევ უფრო ართულებს სიტუაციას.
„აქაც გამოჩნდება ვართ თუ არა მართლა სუვერენული, ცივილური ხალხი და შევძლებთ თუ არა ერთი ხელის ცხვირზე მოჭერით, შეთანხმებაზე მეორე ხელის ჩამორთმევას“, - წერია უგულავას მიმართვაში.