წულუკიანის კომისიის მხილება - პირველი ინტერვიუები ხალხთან, ვინც აფრასიძეების სისასტიკეზე საუბრობს
პროტესტი თეა წულუკიანის კომისიას - პირველი ინტერვიუები ადამიანებთან, ვინც აფრასიძეების სისასტიკეზე ღიად საუბრობენ. მოქალაქეები "ქართული ოცნების" ე.წ. საგამოძიებო ჯგუფს სიცრუის ტირაჟირებაში და პოლიტიკურ მანიპულაციაში ამხელენ.
მიზეზი წულუკიანის მიერ აფრასიძეების საქმის განხილვა გახდა. მას შემდეგ რაც "ქართული ოცნების" პარლამენტში აფრასიძეების ოჯახის წევრები მიიწვიეს, არ წყდება იმ მოქალაქეების განცხადებები, ვინც ამბობს, რომ მამა-შვილი აფრასიძეების სისასტიკე საკუთარ თავზე გამოცადა.
"პირველების" რესპონდენტები საუბრობენ ოჯახის წევრების მკვლელობებზე, ყაჩაღობებზე და იმ სისხლიანი ანგარიშსწორებების სერიაზე, რომელსაც მათი მტკიცებით, წლების განმავლობაში ძმები აფრასიძეები მამასთან ერთად ახორციელებდნენ.
დაზარალებულები სამართალს წლებია ეძებენ, თუმცა მათი თქმით, მაგრამ მძიმე დანაშაულებზე რეაგირება "ქართულ ოცნებას " არცერთ შემთხვევაში არ მოუხდენია.
წლების წინ მოკლული ახლავ არღვლიანის შვილიშვილი "პირველებთან" გამაოგნებელ დეტალებს იხსენებს და ამბობს, რომ აფრასიძეების გმირებად წარმოჩენა "სამარცხვინო და ამაზრზენია":
შემოვიდნენ ეზოში ევგენი, შმაგი და ომეხ აფრასიძეები, სახლის ირგვლივ კი იარაღიანი ხალხი განათავსეს. ჩვენს სახლთან არის ერთ-ერთი დიდი ნაძვი და იმ ხეზე იყო ასული გოჩა აფრასიძე, იარაღით და ლაშა (ლაშა უშხვანი - ახლავ არღვლიანის ცოლის ძმისშვილი) როგროც კი დაინახეს კიბეებზე ჩამოსული, შმაგი ეცა ეგრევე, ხელებით დაიჭირა და ევგენი აფრასიძემ თავში ტყვიით მოკლა.
შმაგი აფრასიძემ უკვე მოკლული ლაშა უშხვანი ძირს დააგდო და ერთხელ კიდევ გადაატარა იარაღი გულ-მკერდზე და ისე ჩაცხრილა, მერე შუბლზე ფეხი ჩაარტყა.
ბოლოს, ბაბუას მუხლში მოარტყეს ტყვია და სისხლისგან იცლებოდა, ძირს ეგდო საწყალი კაცი... დაადგნენ, სცემეს და შემდეგ უკვე მეორე სართულიდან ფეხის ხმას ააყოლა იარაღი რომელიღაცა აფრასიძემ, არ მახსოვს ზუსტად და დაცხრილული იყო მთელი პირველი და მეორე სართული.
დედა უკვე დიდი იყო და იხსენებს, რომ უკვე დაღუპულ ბაბუას ღიმილიანი სახე ჰქონდაო, გაღიმებული სახით დაიღუპა. ამ და მრავალი მოკლული და გაუბედურებული ოჯახების ავტორები არიან აფრასიძეები"- აცხადებს მარიამ ჩოფლიანი
დაზარალებული იხსენებს, რომ დუმილი მას შემდეგ დაარღვია, რაც თეა წულუკიანის კომისიამ "მკვლელების გმირებად წარმოჩანა" დაიწყო:
ამ ყველაფრის გამოყენება არის ძალიან სამარცხვინო და ამაზრზენი. არასდროს ხმამაღლა არ მისაუბრია ამ თემაზე, არც ჩემს ოჯახის წევრებს, მაგრამ ახლა უკვე ძალიან გამაღიზიანებელია ეს ყველაფერი, მკვლელების გმირებად წარმოჩენა. იმ პერიოდში, როდესაც ისინი „ბატონობდნენ“ სვანეთში და აწიოკებდნენ ყველას და ყველაფერს, მაშინ არ ცხოვრობდნენ იქ ბავშვები, ქალები? რამდენ ბავშვს მოუკლეს მამა, ბაბუა, რამდენი ცოლი დააქვრივეს, ძალიან მაინტერესებს, მე მონასმენი მაქვს ისტორიები, სადაც ცოლის თვალწინ და შვილების თვალწინ მოკლეს მათი მამა და ანუ ეს ბავშვები არ ისტრესებოდნენ? ჩემს ვიდეოს არ აქვს არანაირი პოლიტიკური მიზანი. მე მხოლოდ მინდა, რომ ძალიან ბევრმა ადამიანმა გაიგოს მათი სისასტიკის შესახებ"- დასძენს მოკლული კაცის ოჯახის წევრი.
"პირველებთან" საუბარი და დუმილის დარღვევა გადაწყვიტა, ნინი კუბლაშვილმაც. ქალი ამტკიცებს, რომ წლების წინ, ევგენი აფრასიძემ საკუთარი სიძე, ვანო პირველი 7 გასროლით მოკლა.
ვანო პირველი იყო უშუალოდ ევგენი აფრასიძის სიძე, შესაბამისად, დედაჩემი არის ევგენი აფრასიძის დისშვილი. ეს იყო პირველი მკვლელობა რაც ამ ადამიანმა და ამ ოჯახმა ჩაიდინა ამ ქვეყანაში. რა თქმა უნდა, ეს საქმე დარჩა გამოუძიებელი...
სახელმწიფო რასაც იკვლევს იმ პოლიტიკური ანგარიშსწორებისთვის და რასაც აკეთებს, აბსოლუტურად, მორალურად გაუმართლებელია ყველა იმ ადამიანის წინაშე, ვისთვისაც სამართალი ამ ქვეყანაში დღესაც ნაპოვნი არ არის.
მე კითხვა მაქვს ლედი აფრასიძისთან (სპეცოპერაციის დროს დაღუპული ევგენი აფრასიძის შვილიშვილი) როგორ უყურებს ეს ადამიანი მორალურად დედაჩემის, მისი დის და ძმის ტრაგედიას, რომ 6 წლის, 4 წლის და 2 წლის ბავშვი დატოვეს მშობლის გარეშე. ძალიან მაინტერესებს ამაზე რა პასუხის აქვს.
მე როგორც ადამიანი, ჩემი მორალით, მე ვთვლი, რომ ეს ადმიანი პირიქით, უნდა იბრძოდეს თუნდაც ოჯახის წევრის დასჯაზე, იმიტომ, რომ ეს არის უდიდესი წყევლა, რაც კი შეიძლება მის ოჯახს და მის საგვარეულოს მოსდევდეს თან. მე, როგორც ნაწილობრივ აფრასიძის შთამომავალი, ჩემთვის ეს არის უდიდესი წყევლა, ამ ადამიანებს იმდენი ადამიანის უბედურება ადევთ მხრებზე. ერთის მხრივ მრცხვენია ამაზე საუბარი, მაგრამ, მეორეს მხრივ არ შეიძლება სახელმწიფომ დაზარალებულად და დაჩაგრულად შერაცხოს ისეთი ხალხი, ვისაც უდიდესი დანაშაული მიუძღვით"- აცხადებს მოქალაქე.
რა ვიცით 2004 წლის 24 მარტს, სვანეთში, მესტიის სოფელ ეცერში ჩატარებულ სპეცოპერაციაზე?
- ოფიციალური ინფორმაციით, სპეცოპერაცია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და უშიშროების თანამშრომლების მონაწილეობით ჩატარდა. მაშინ ითქვა, რომ ოპერაცია განსაკუთრებით საშიში დამნაშავეების დაკავებას უკავშირდებოდა.
- ამავე განცხადებების მიხედვით, მაშინ შსს-ს წარმომადგენლების მიმართულებით ცეცხლსასროლი იარაღიდან ისროლეს, რასაც საპასუხო ცეცხლის გახსნა მოჰყვა.
- სპეცოპერაციის დროს ევგენი აფრასიძე და მისი შვილი ომეხ აფრასიძე მოკვდნენ. გოჩა და შმაგი აფრასიძეებს რაც შეეხება ისინი დააკავეს. ხელისუფლების ცვლილების შემდეგტ, ძმებმა, რომლებსაც 19 და 17-წლიანი თავისუფლების აღკვეთა ჰქონდათ მისჯილი, საპატიმრო 2013 წელს დატოვეს.