"გიორგი საფრთხეშია, შეიძლება, ციხეში მისი ლიკვიდაცია მოხდეს " - ჩიკვაიძის დედა
პატიმრობაში ბიზნესმენს დედა არ გამორიცხავს, რომ ციხეში გიორგი ჩიკვაიძის ლიკვიცახია მოხდეს - განცხადება "პირველებთან" ეკა წერეთელმა გააკეთა.
პატიმრის დედის თქმით, გიორგი ჩიკვაიძის სიცოცხლე რეალურ საფრთხეშია.
ეკა წერეთელი აღნიშნავს, რომ დაკავებულის მიმართ მუქარის შესახებ მასაც აქვს ინფორმაცია:
იმედი მაქვს, რომ ხვალ მას მოიყვანენ სასამართლო სხდომაზე, სათქმელი ძალიან ბევრი აქვს. ჩვენ, ოჯახი ძალიან ვშიშობთ, რომ შეიძლება, მოხდეს გიორგის ლიკვიდაცია. ჩემთვის ძალიან მძიმეა ამის თქმა, მაგრამ ამის რეალური მიზეზები გვაქვს.
ის კრუნჩხვა, რომელიც მას განუვითარდა შეყვანიდან მეორე დღეს, სრულიან გაურკვეველი ტიპის კრუნჩხვა და ახალგაზრდა 38 წლის ადამიანი დღეს არის მიჯაჭვული, ეს უკვე არის ძალიან დიდი საშიშროება.
პლიუს ჩვენ ვიცით, რომ მასზე ხორციელდება ტერორი, ზეწოლა, მე ამის შესახებ რამოდენიმეჯერ უკვე გავაჟღერე ტელევიზიებში, ეს თურმე ისევ გრძელდებოდა, ჩვენ არ ვიცოდით ბოლო დღეების ამბები - ამბობს ეკა წერეთელი
შეგახსენებთ, რომ გიორგი ჩიკვაიძემ ცოტა ხნის წინ სკანდალური განცხადება გაავრცელა - ბიზნესმენის თქმით, დაკავების შემდეგ, მას რეჟიმი აიძულებდა, ამერიკის საელჩოს წინააღმდეგ ცრუ განცხადება გაეკეთებინა და ეთქვა, თითქოს დირექტივებს პროევროპული აქციების ორგანიზებისა და არაკანონიერი ქმედების განსახორციელებლად აშშ-ის საელჩო აძლევდა.
ამასთან, ბიზნესმენმა განაცხადა, რომ პენიტენციურ დაწესებულებაში მისი ყოფნა უსაფრთხო არ არის და რუსული სპეცსამსახურების დავალებით ის ნებისმიერ დროს შეუძლიათ მოკლან.