ბარემ იარაღი აიღონ და დაგვხვრიტონ ყველა - ლიკა გუნცაძე

16.04.25 22:53
ბარემ იარაღი აიღონ და დაგვხვრიტონ ყველა - ლიკა გუნცაძე

"ბარემ იარაღი აიღონ და დაგვხვრიტონ ყველა" - ამის შესახებ "ტვ პირველის" ეთერში სინდისის პატიმრის, ანდრო ჭიჭინაძის დედამ "ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკისა და დრამის თეატრის" ხელმძღვანელის პოზიციიდან დავით დოიაშვილის გათავისუფლების თაობაზე საუბრის დროს განაცხადა. 

ლიკა გუნცაძე დავით დოიაშვილს სრულ მხარდაჭერას უცხადებს და ამბობს, რომ ივანიშვილის რეჟიმმა მას ისტორიის სწორ მხარეს დგომა არ აპატია.

უკვე დიქტატურაში ვართ, უკვე რუსეთში ვართ. რა უნდა ვთქვა, სჯიან იმისთვის, რომ სწორ მხარეს იდგა, სჯიან იმისთვის, რომ კეთილშობილი ადამიანია, სჯიან იმისთვის რომ დაუდგა თავის კოლეგებს, მეგობრებს გვერდში. სჯიან პატრიოტიზმისთვის, კარგი ადამიანობისთვის. ახლა ამისთვის ისჯება ხალხი. ეს არის 37 წელზე უარესი. რაღაც კატასტროფაში ვართ. არაფერს კარგს არ ველოდები ამათგან, როგორ შეიძლება კარგს ველოდე მათგან. ბოლშევიკების შთამომავლები არიან ესენი და ჯალათები, რას უნდა ველოდებოდე კარგს.

ეს სფერო არის აქტიური, ეს სფერო არის პატრიოტი. კინო, თეატრი, მსახიობები , რეჟისორები ისინი დადგნენ ყველაზე უფრო მაგრად მათ წინააღმდეგ. წინააღმდეგობა ჰქონდათ ამათგან და ამიტომ ისჯებიან. ბარემ იარაღი აიღონ და დაგვხვრიტონ ყველა. მის ადგილას ვინც დაჯდება, ის იქნება მონა და მოღალატე და კომპრომისტი, აბსოლუტურად მორალს მოკლებული ადამიანი. ახლა მე მგონია, რომ ყველაფერი უნდა გაჩერდეს და გამოუცხადოს სოლიდარობა. ვერ გაგვაჩუმებენ, მე აღარ მაქვს არაფერი დასაკარგი, ჩემი შვილი ციხეში ზის". - ამბობს ლიკა გუნცაძე.

ცნობისთვის, კულტურის სამინისტრომ დავით დოიაშვილი “ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკისა და დრამის თეატრის” ხელმძღვანელის თანამდებობიდან გაათავისუფლა

თიკა რუხაძის უწყება განცხადებაში ამტკიცებს, რომ „სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიღებული უწყვეტი დაფინანსების პირობებში”, თეატრში შემოქმედებითი პროცესი თვეების მანძილზე შეჩერებული იყო. 

შეგახსენებთ, დავით დოიაშვილმა 23 იანვარს გამოაცხადა, რომ ახალი თეატრი რეგიონებში გავიდოდა და საპროტესტო მანიფესტით წარდგებოდა. თეატრი, რომლის ერთ-ერთი მსახიობია დაკავებული ანდრო ჭიჭინაძე, პროტესტების დასაწყისიდანვე გაფიცულია.

მსგავსი სიახლეები