დავით დოიაშვილის გათავისუფლება სისუსტის მაჩვენებელია - ჯაფარიძე
"სისუსტის მაჩვენებელია" - ასე ეხმაურება კოალიცია "ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი, ბადრი ჯაფარიძე "ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკისა და დრამის თეატრის" ხელმძღვანელის პოზიციიდან დავით დოიაშვილის გათავისუფლებას.
ოპოზიციონერი პოლიტიკოსი "ტვ პირველის" ეთერში ამბობს, რომ "ოცნების" მსგავსი რეპრესიული ქმედებები მოქალაქეებში პროტესტის გრძნობას და ბრაზს უფრო აღძრავს.
ეს არის სისუსტის მაჩვენებელი. რეჟიმი ესე იქცევა, როცა ის თავს გრძნობს სუსტად. მისი ძალაუფლება იკარგება, მისი გავლენა იკარგება. რეჟიმისთვის ხელოვნების წარმომადგნლები არიან საფრთხის შემცველები იმიტომ, რომ ის აღარ გრძნობს თავს მყარად. ნებისმიერი ეს ნაბიჯი არის სისუსტის გამოვლინება და ნებისმიერი ასეთი ნაბიჯი კიდევ უფრო ასუსტებს რეჟიმს. კიდევ უფრო ზრდის სოლიდარობას და ასუსტებს რეჟიმს. კიდევ უფრო ზრდის ბრაზს და პროტესტის გრძნობას. მე დარწმუნებული ვარ, რომ ხელოვნების სფეროში თუ ვინმე დარჩა "ქართული ოცნების" მხარდამჭერი, ეს მათშიც გამოიწვევს პროტესტს. გამორიცხულია, არ გამოიწვიოს და ჩვენ ამას ვნახავთ", - ამბობს ბადრი ჯაფარიძე.
ცნობისთვის, კულტურის სამინისტრომ დავით დოიაშვილი “ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკისა და დრამის თეატრის” ხელმძღვანელის თანამდებობიდან გაათავისუფლა.
თიკა რუხაძის უწყება განცხადებაში ამტკიცებს, რომ „სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიღებული უწყვეტი დაფინანსების პირობებში”, თეატრში შემოქმედებითი პროცესი თვეების მანძილზე შეჩერებული იყო.
შეგახსენებთ, დავით დოიაშვილმა 23 იანვარს გამოაცხადა, რომ ახალი თეატრი რეგიონებში გავიდოდა და საპროტესტო მანიფესტით წარდგებოდა. თეატრი, რომლის ერთ-ერთი მსახიობია დაკავებული ანდრო ჭიჭინაძე, პროტესტების დასაწყისიდანვე გაფიცულია.