კალაძე არ პასუხობს კითხვას, რას აკეთებს "ოცნება" დავით გარეჯის საკითხთან დაკავშირებით
კახა კალაძე არ პასუხობს "პირველების" კითხვას რა ეტაპზეა დავით გარეჯის პრობლემის მოგვარება და არის თუ არა ამ მიმართულებით რაიმე პროგრესი იმ ფონზე, როდესაც ბოლო პერიოდის განმავლობაში "ქართული ოცნების" წარმომადგენლები ოფიციალურ ბაქოში შეხვედრებს მართავენ.
თბილისის მერი არც იმ კითხვას პასუხობს, იყო თუ არა რომელიმე შეხვედრაზე საუბარი აზერბაიჯანის მხრიდან სახმელეთო გზის გახსნის საკითხზე, რომელიც წლების წინ ჩაიკეტა.
ერთადერთი, რასაც დღეს კალაძე ამბობდა, იყო ის, რომ საზოგადოებისთვის ყველაფერი ცხადი მალე გახდება.
ბოლო თვეების, ბოლო წლების განმავლობაში ხშირი შეხვედრები მიმდინარეობს. მე წინასწარ არ მინდა ამასთან დაკავშირებით რაიმე განცხადებები გავაკეთო. დაველოდოთ მოვლენებს. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე თავს შევიკავებ რაიმე კონკრეტიკაზე ვისაუბრო, თუმცა ყველაფერი იქნება ცხადი და ნათელი. გაიგებთ, მალე გაიგებთ ყველაფერს." - განაცხადა კახა კალაძემ.
"ქართული ოცნების" ოპონენტები პირდაპირ ამბობენ, რომ სამონასტრო კომპლექსის თემა საქართველო-აზერბაიჯანის მოლაპარაკებების სივრციდან გაქრა.
ბაქოში ჩასულ მიხეილ ყაველაშვილს ალიევთან შეხვედრის შემდეგ საჯაროდ ერთი სიტყვაც კი არ უთქვამს გარეჯზე. იგივე ხდებოდა კობახიძის და ალიევის შეხვედრის დროსაც თურქეთში.
კითხვები ბევრია: რა ხდება სადავო ტერიტორიებთან დაკავშირებით, იყო თუ არა გარეჯი განხილვის თემა "ოცნების" მაღალჩინებსა და აზერბაიჯანის პრეზიდენტის შეხვედრების დროს, თუნდაც დახურულ კარს მიღმა უცნობია, რადგან ყაველაშვილის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებებში არაფერია ნათქვამი.