რას ემსახურება ყაველაშვილის აზერბაიჯანში ვიზიტი - რა ინფორმაცია აქვს ექსპერტს

17.04.25 13:56
რას ემსახურება ყაველაშვილის აზერბაიჯანში ვიზიტი - რა ინფორმაცია აქვს ექსპერტს

"ოცნებას" გარეჯზე იმის მერე აღარ ამოუღია ხმა, რაც საპარლამენტო ადგილები გაინაღდა, - ამის შესახებ პოლიტოლოგმა დავით ზურაბიშვილმა "პირველებს" განუცხადა.

დავით ზურაბიშვილი პირდაპირ ამბობს, რომ თემა ივანიშვილის გუნდმა არჩევნებისთვის გამოიყენა და საკითხი დაივიწყა.

ექსპერტის თქმით, დავით გარეჯის საკითხზე სადელიმიტაციო კომისიის ყოფილი წევრების, ივერი მელაშვილის და ნატალია ილიჩოვას წინააღმდეგ წარმოებული საქმეც ამ  "უსინდისო კამპანიის" ნაწილია. 

ეს იყო აბსოლუტურად უსინდისო კამპანია კონკრეტული ადამიანების წინააღმდეგ, სრულიად უდანაშაულო ადამიანების წინააღმდეგ. მთლიანად დაფუძნებული ტყუილზე და ცილისწამებაზე, რომ თითქოს, წინა ხელისუფლებამ ქართული მიწები გაყიდა და დავით გარეჯი აზერბაიჯანს მიყიდა. იმის მერე აღარ ამოუღიათ ხმა, როდესაც გაინაღდეს საპარლამენტო ადგილები, აღარც დაბრუნებიან ამ თემას". - განაცხადა დავით ზურაბიშვილმა. 

ეს ყველაფერი არ არის. ექსპერტის ინფორმაციით, აზერბაიჯანის მეშვეობით "ქართული ოცნება" ცდილობს, შეერთებულ შტატებს ხმა მიაწვდინოს, რომ ივანიშვილი ამერიკული სანქციებისგან დაიცვას. 

რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, გარდა იმისა, რომ ყაველაშვილს ასეთი ტიპის ქვეყნებისა არავინ ხვდება, აზერბაიჯანის მეშვეობით "ქართული ოცნება" ცდილობს, რომ მიაწვდინოს ხმა ბრიტანეთს, ამერიკის შეერთებულ შტატებს, რომ არ დაასანქცირონ ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ. ამ საკითხში გარკვეულ შუამავლობას სთხოვენ ილჰამ ალიევს და აზერბაიჯანს, რადგან თავად მისასვლელი პირი არავისთან აქვთ"- აღნიშნა მან.

ბაქოში ჩასულ მიხეილ ყაველაშვილს ალიევთან შეხვედრის შემდეგ საჯაროდ ერთი სიტყვაც კი არ უთქვამს გარეჯზე. იგივე ხდებოდა კობახიძის და ალიევის შეხვედრის დროსაც თურქეთში. 

კითხვები ბევრია: რა ხდება სადავო ტერიტორიებთან დაკავშირებით, იყო თუ არა გარეჯი განხილვის თემა "ოცნების" მაღალჩინებსა და აზერბაიჯანის პრეზიდენტის შეხვედრების დროს, თუნდაც დახურულ კარს მიღმა უცნობია, რადგან ყაველაშვილის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებებში არაფერია ნათქვამი. 

რაც შეეხება უშუალოდ ივერი მელაშვილის და ნატალია ილიჩოვას საქმეს, დავით გარეჯის საკითხზე სადელიმიტაციო კომისიის ყოფილი წევრები პროკურატურამ საქართველოს საწინააღმდეგო მოქმედებების ბრალდებით 2020 წლის 7 ოქტომბერს დააკავა.

მსგავსი სიახლეები