არ დამინახავს, ვინ ჩამარტყა, მოქალაქეებისთვის პოლიციის მოწმობა არ მიჩვენებია - მირიან ქავთარაძე
პოლიციელი, რომელიც სამოქალაქო აქტივისტს, საბა სხვიტარიძეს მასზე თავდასხმაში ადანაშაულებს, ამტკიცებს, რომ ხუთი დეკემბრის ღამეს სასტუმრო "მარიოტთან" ოპერატიულ დავალებას ასრულებდა.
პოლიციელი მირიან ქავთარაძე, რომელსაც ძალადობაში ქალები ადანაშაულებენ, სინდისის პატიმრის წინააღმდეგ ჩვენებას ამ წუთებში აძლევს.
ქავთარაძე ამტკიცებს, რომ შენიღბული პირები იმ ღამეს ოპოზიციის შეხვედრის პარალელურად, საგანგებო მისიით იყვნენ მისულები.
მოწმე პოლიციელმა დღეს აღიარა, რომ იმ ღამეს მოქალაქეების მოთხოვნის მიუხედავად, მათთვის პოლიციის მოწმობა არ უჩვენებია.
სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს მოვიდნენ მოქალაქეები, რომლებმაც ტოტუშკები გვეძახეს, ავუხსენით, რომ სამსახურებრივ მოვალეობას ვასრულებდით და დაიწყო დაპირისპირება. მომხადეს კაპიუშონი და ჩოჩქოლის დროს მივიღე თავის არეში დაზიანება.
ჩარტყმის მომენტი არ დამინახავს, იმ მომენტში სანამ სისხლით გამევსებოდა სახე ვიფიქრე, რომ ხელი იყო მერე ვნახე, რომ რაღაც საგანი იყო. თავი ორ ადგილას მქონდა გატეცილი. რკინა იყო.
ვალდებულება არ მაქვს ფორმა მეცვას. ოპერატიულ საქმიანობას ვასრულებდი, რას ახლა ვერ ვიტყვი. მე შეკრებილი 10-15 ადამიანისთვის პოლიციის მოწმობა არ მიჩვენებია, მაგრამ განვუმარტეთ, ვინ ვიყავით და მერე უფრო აგრესიულები გახდნენ"- თქვა მირიან ქავთარაძემ.
ამასთან, როგორც საბა სხვიტარიძის ადვოკატმა სასამართლო სხდომის დაწყებამდე განაცხადა, სწორედ მირიან ქავთარაძემ მოაწყო თავისუფლების მოედანზე პროვოკაცია.
მირიან ქავთარაძისა და მისი მეგობრების თქმით, მათ თითქოს მოქალაქეებს უთხრეს, რომ პოლიციელები იყვნენ, თუმცა ეს არის ტყუილი. მათ არ უთქვამთ, რომ იყვნენ პოლიციელები. ისინი იყვნენ სამედიცინო პირბადეებში, ე.წ. "კაპიშონებში", შავებში ჩაცმულები, გამოიყურებოდნენ, როგორც თავდამსხმელი, მოძალადეები და ზუსტად იგივენაირად მოიქცა მირიან ქავთარაძეც, დაესხა თავს გოგონას სახეში სილის გარტყმით, შესაბამისად, როგორ შეიძლებოდა სცოდნოდათ იქ მყოფ ადამიანებს, რომ ესენი იყნენ პოლიციელები, იმ პირობებში, როცა მთელი თავისუფლების მოედანი იყო პოლიციელებით სავსე.
ჩვენ გვყავს დაახლოებით 15 ნეიტრალური მოწმე, გვაქვს პირდაპირი ვიდეოჩანაწერები, სადაც არცერთი ადამიანი არ ამბობს, რომ ისინი არიან პოლიციის თანამშრომლები, ამიტომ ამხელა სიცრუის დამალვა შეუძლებელია"- თქვა ადვოკატმა.
ცნობისთვის, საბა სხვიტარიძეს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის მეორე ნაწილით აქვს წარდგენილი, რაც პოლიციელის ჯანმრთელობის ხელყოფას სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით გულისხმობს.