საქართველოში ნაჩქარევად მიღებული ცვლილებები სამოქალაქო საზოგადოების ფუნქციონირების შეწყვეტის საფრთხეს ქმნის - ცაჰკნა

17.04.25 18:01
საქართველოში ნაჩქარევად მიღებული ცვლილებები სამოქალაქო საზოგადოების ფუნქციონირების შეწყვეტის საფრთხეს ქმნის - ცაჰკნა

ერთპარტიული პარლამენტის მიერ დამტკიცებულ "გრანტების შესახებ" კანონში შეტანილ ცვლილებებს ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, მარგუს ცაჰკნა ეხმაურება.

ცაჰკნა პლატფორმა X-ზე წერს, რომ "საქართველოში ნაჩქარევად მიღებული ცვლილებები სამოქალაქო საზოგადოების ფუნქციონირების შეწყვეტის საფრთხეს ქმნის".

გუშინ საქართველოში ნაჩქარევად მიღებული ცვლილებები მოითხოვს, რომ დონორებმა სამოქალაქო საზოგადოების მხარდამჭერი პროექტების დასაფინანსებლად მთავრობის თანხმობა მიიღონ. ეს მთავრობისგან დამოუკიდებლად სამოქალაქო საზოგადოების ფუნქციონირების შეწყვეტის საფრთხეს ქმნის და საქართველოს ევროპას კიდევ უფრო აშორებს“, - წერს მარგუს ცაჰკნა X-ზე.

ერთპარტიულმა პარლამენტმა დაჩქარებული წესით განიხილა და მესამე მოსმენით დაამტკიცა საკანონმდებლო პაკეტი, რომლის ამოქმედების შემდეგ, საერთაშორისო დონორი ორგანიზაციები გრანტს კობახიძის მთავრობის თანხმობის გარეშე ვეღარ გასცემენ.    

კანონის თანახმად, უცხოური დახმარების მიღება, პრაქტიკულად, შეუძლებელი ხდება. თუ გრანტის მიმღები თანხას მთავრობის ნებართვის გარეშე დახარჯავს, შესაძლოა, დადგეს მისი პასუხისმგებლობის საკითხიც.

ასევე, თუ "ქართული ოცნება" იტყვის, რომ გრანტის მიღება აკრძალულია, დამოუკიდებელი ორგანიზაცია ამ მოთხოვნას უნდა დაემორჩილოს, წინააღმდეგ შემთხვევაში, გრანტის მიმღები თანხის ორმაგი ოდენობით დაჯარიმდება.

მსგავსი სიახლეები