გამოკითხვაზე დავაფიქსირე, რომ პარლამენტი არ არსებობს ქვეყანაში - გიორგი ვაშაძე
თბილისის საქალაქო სასამართლოში "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი, გიორგი ვაშაძე გამოიკითხა - ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა ე.წ. საგამოძიებო კომისიის სხდომაზე არ გამოცხადების შესახებ კითხვებს მაგისტრი მოსამართლის თანდასწრებით უპასუხა.
რაღაც დაჯგუფება გამაგრებულია პარლამენტის შენობაში და თავის თავზე გიჟივით იძახიან: „კომისია ვარ, კომისია ვარ“, ამ საქმესთან დაკავშირებით ვიყავი მოწვეული - თქვა გამოკითვის შემდეგ გიორგი ვაშაძემ.
კითხვებს მისვამდნენ და დავაფიქსირე, რომ პარლამენტი არ არსებობს ქვეყანაში, ძალაუფლება არის მიტაცებული. რაც შეეხება დაჯგუფებას, ეს დაჯგუფება არის კონსტიტუციის საწინააღმდეგოდ შექმნილი და ერთადერთი რასაც აკეთებს არის ის, რომ საქართველოს ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ მოქმედებს. ამაზე იყო საუბარი, მეტი არაფერი. შემიძლია სამართლებრივად დაგისაბუთოთ, რატომ არის უკანონო ეს პარლამენტი“, - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.
ცნობისთვის, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 349-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც „საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობას" გულისხმობს. აღნიშნული ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.