რუსეთი ივანიშვილის გუნდის ხელით ჩვენი ქვეყნისთვის საერთაშორისო იზოლაციის უზრუნველყოფას ცდილობს - სამადაშვილი
"რუსეთი ივანიშვილის გუნდის ხელით ჩვენი ქვეყნისთვის საერთაშორისო იზოლაციის უზრუნველყოფას ცდილობს" - ამის შესახებ კოალიცია "ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთმა ლიდერმა, სალომე სამადაშვილმა ვიზალიბერალიზაციის დაკარგვის საფრთხის შესახებ დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
სალომე სამადაშვილმა "ტვ პირველის" ეთერში თქვა, რომ "ქართული ოცნების" ხელისუფლება და საქართველოსთვის უვიზო მიმოსვლის შენარჩუნება ერთმანეთთან ყოვლად შეუთავსებელია.
დღეს რუსეთი საკუთარი მოკავშირეების ხელით, ბიძინა ივანიშვილის გუნდის ხელით ცდილობს ჩვენი ქვეყნის საერთაშორისო იზოლაციის უზრუნველყოფას, დასავლეთთან ჩვენი კავშირების გაუქმებას. უვიზო მიმოსვლა რომ შეიძლებოდა საქართველოს მიეღო, ეს იდეა მე გავაჟღერე, მაშინ ელჩი ვიყავი. მაშინ პაპუაშვილი თბილად იჯდა და გრანტებს იღებდა რომელიღაც საერთაშორისო ორგანიზაციაში, ახლა კი იმ ხალხს აგენტებს უწოდებს.
მაშინ ბევრი ადამიანი ვშრომობდით, რომ უვიზო მიმოსვლის შესაძლებლობა მიგვეღო და ზეციური მანანა არ ყოფილა ეს. ყოველთვის იყო პირობები, რომელიც უკავშირდებოდა ადამიანის უფლებების დაცვის სტანდარტს, კანონის უზენაესობას, სასამართლოს და ა.შ.. თუ გასული 13 წლის მანძილზე მივიღეთ რაღაცები ევროკავშირისგან და პროგრესი უნდა ყოფილიყო კიდევ, პროგრესი კი არა, ამ ქვეყანაში მოხდა რეგრესი... "ქართული ოცნების" ხელისუფლება და ჩვენი ქვეყნისთვის უვიზო მიმოსვლის შენარჩუნება ერთმანეთთან შეუთავსებელია" - განაცხადა სალომე სამადაშვილმა.