"ჩვენც შევუერთდეთ სინდისის პატიმრების მშობლებს..." - პრეზიდენტი დღეს დაგეგმილ აქციასთან დაკავშირებით მიმართვას ავრცელებს
საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი დღეს დაგეგმილ აქციასთან დაკავშირებით მიმართვას ავრცელებს - სალომე ზურაბიშვილი საზოგადოებას ქაშვეთთან მისვლისკენ მოუწოდებს.
როგორც ის სოციალურ ქსელში წერს, ქართველმა ხალხმა "სიძულვილის, შევიწროების, დაჩაგვრისა და დაშინების წინააღმდეგ" მიმართულ "მართალ ბრძოლაში" ერთად უნდა გაიმარჯვოს.
აღდგომა არის კეთილის , მართალის, ტანჯულის გამარჯვების ღამე! ჩვენც შევუერთდეთ სინდისის პატიმრების მშობლებს და სოლიდარობა გამოვუცხადოთ. ერთად ვიმყოფებით მართალ ბრძოლაში სიძულვილის, შევიწროების, დაჩაგვრისა და დაშინების წინააღმდეგ.
ვინც როგორც შეძლებს პარლამენტთან 7 საათზე, გმირთა მოედანზე 9 საათზე, მაგრამ ყველა ერთად სანთლებით ქაშვეთთან 11 საათზე და ერთად “ქრისტე აღდგა!” 🙏
და აღდგება საქართველო კიდევ ერთხელ, მრავალჯერ ტანჯული, შევიწროებული, ჩაგრული, მაგრამ მუდამ გამარჯვებული!
ქრისტე აღდგა!". - წერს სალომე ზურაბიშვილი.
დიდი ერთობის დღე საქართველოში - ქვეყანაში საპროტესტო შეკრებისთვის ემზადებიან. ამ საღამოს, 19:00 საათიდან ყურადღების ცენტრში რუსთაველის გამზირი იქნება.
პროევროპულად განწყობილი მოქალაქეები გეგმავენ, რომ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს ცენტრალურ გამზირზე ერთად შეხვდნენ. მარშრუტი კი ასეთია. თავდაპირველად, ახალგაზრდები საკანონმდებლო ორგანოს მიმდებარე ტერიტორიაზე შეიკრიბებიან, სადაც იქნება სიტყვით გამოსვლები. მათ შორის, საზოგადოებას რეჟიმის ტყვეების მშობლებიც მიმართავენ.
შემდეგ პროტესტის რეჟიმში გადასული მოქალაქეები მსვლელობით გმირთა მოედანზე გადაინაცვლებენ, სადაც ასევე სიტყვით ვეტერანები და დაღუპული გმირების შვილები გამოვლენ. ახალგაზრდები ასევე სიმბოლურად ფიცის დადებასაც აპირებენ, ფიცის ტექსტს კი სინდისის პატიმრის, ზვიად ცეცხლაძის მამა წაიკითხავს.
საბოლოოდ კი თავისუფლებისთვის მებრძოლი ადამიანები გმირთა მემორიალიდან მსვლელობით რუსთაველზე გადაინაცვლებენ და სანთლებით ხელში აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს შეხვდებიან.