უვიზო რეჟიმის შეჩერების საფრთხე - რას ამბობენ ოპოზიციაში

19.04.25 17:34
უვიზო რეჟიმის შეჩერების საფრთხე - რას ამბობენ ოპოზიციაში

უვიზო რეჟიმის შეჩერების საფრთხე - "ქართული ოცნების" პოლიტიკური ოპონენტები კომენტარებს აკეთებენ. კოალიცია "ძლიერ საქართველოში" ფიქრობენ, რომ ვიზალიბერალიზაციის დაკარგვის საფრთხე ივანიშვილის რეჟიმის ქმედებებმა განაპირობა. 

პოლიტიკური გაერთიანების ერთ-ერთი ლიდერის, ლანა გალდავას შეფასებით, უვიზო რეჟიმის დაკარგვა საქართველოს მოქალაქეებზე როგორც საგანმანათლებლო, ასევე ჯანდაცვის მიმართულებით უარყოფითად აისახება. 

ეს იქნება ძალიან დიდი დანაკლისი ქვეყნისთვის, როგორც საგანმანათლებლო, ასევე ჯანდაცვის სხვადასხვა მიმართულებით და რა თქმა უნდა, სრული პასუხისმგებლობა არის "ქართული ოცნების". რადგან მათ მიერ წარმოებულმა პოლიტიკამ, რომელიც არღვევს ადამიანის უფლებებს მოიტანა ეს შედეგი, რომელიც არის აბსოლუტურად რეალური", - განაცხადა ლანა გალდავამ.

"ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი, ლევან სანიკიძე კი ამბობს, რომ ივანიშვილის სანქცირებული რეჟიმი ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ქართულ საზოგადოებას უდიდესი მონაპოვარი წაართვას. 

ჩვენ ვართ ევროპელები საკუთარი არსით, კულტურით. ჩვენ ვართ ევროპული ოჯახის ნაწილი და "ქართულ ოცნებას", რომელიც სანქცირებულია, სურს, რომ ამ უდიდეს მონაპოვარზე უარი გვითხრას. ეს ჩვენ არ უნდა დავუშვათ. ეს არის ის შემთხვევა, როდესაც ქართულმა საზოგადოებამ კიდევ უფრო მკაფიოდ უნდა ამოიღოს ხმა. იმ შეურაცხყოფას, რასაც გვაყენებენ 9 აპრილთან, გიორგი ანწუხელიძესთან, ჩვენს ევროპულ მომავალთან დაკავშირებით, პასუხი უნდა გაეცეს და "ოცნება" უნდა ჩამოვაშოროთ ამ ხელისუფლებას". - განაცხადა ლევან სანიკიძემ. 

ამავე პოზიციას იზიარებს კოალიცია "ცვლილებისთვის" წარმომადგენელი, გიორგი ბუტიკაშვილი. ოპოზიციონერი პოლიტიკოსი აცხადებს, რომ დღევანდელი მონაცემებით, საქართველო ყველა იმ კრიტერიუმს აკმაყოფილებს, რაც EU-თან უვიზო მიმოსვლის დაკარგვის შესაძლებლობას რეალურს გახდის. 

ფაქტები ადასტურებს იმას, რომ ადამიანის უფლებები მასიურად ირღვევა. ყველა რეზოლუცია, რომელიც ევროკავშირმა მიიღო, ყველა რეზოლუცია, რომელიც ევროსაბჭომ მიიღო, ცალსახად აცხადებს, რომ საქართველოში დემოკრატიის უკუსვლა არის. დემოკრატიის ინდექსი არის გაუარესებული და საქართველოს პოლიტიკური კურსი არ ეხება ევროკავშირის საგარეო კურს. რაც ავტომატურად ნიშნავს საქართველოსთვის, რომ შემდეგ მოსმენაზე ევროკავშირში მართლაც დადგეს საკითხი ვიზების შეჩერების თაობაზე. ყველა კრიტერიუმი უკვე აკმაყოფილებს საქართველოს იმისთვის, რომ ვიზები შეჩერდეს. ეს საფრთხე რეალურია. ივანიშვილი სჯის საკუთარ ხალხს იმიტომ, რომ ის არ მოდის დიალოგზე, არ ათავისუფლებს პატიმრებს, არ ნიშნავს არჩევნებს, პირიქით, ის აძლიერებს ზეწოლას, როგორც პოლიტიკურ ლიდერებზე, ასევე მედიაზე", - ამბობს გიორგი ბუტიკაშვილი.

მსგავსი სიახლეები